"კრწანისის" ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ლიკვიდირებული გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.
ამასთან, გარდაცვლილის დედა ელზა შენგელია დარწმუნებულია, რომ მის შვილს იარაღი არ ექნებოდა.
"ქათმის მოკვლის რომ ეშინოდა, ისეთ კაცს რა იარაღი უნდა ჰქონოდა? ჩემს მეორე შვილს ველაპარაკე, ვიღაც გოგოსთან შესახვედრად წავიდაო და მალე დაგელაპარაკებაო, ნუ გეშინიაო. სამხედროში რა უნდოდა? - არანაირი ვერსია არ გვაქვს. ან ის გუშაგი ვინ იდგა? - ისე დაეჭირათ, ციხეში ჩაესვათ", - განაცხადა ელზა შენგელიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.