...2008 წელი. 9 ან 10 აგვისტო. სოფელი დვანი, თითქმის დაცლილი იყო, მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა შემორჩენოდა სოფელს და ისინიც მდინარე ფრონეს ჭალაში იმალებოდნენ, ან სარდაფებში, რადგან სოფელში ოსი და რუსი ბოევიკები თარეშობდნენ.
ზოგ სახლს წვავდნენ, ზოგს არბევდნენ. სხვებთან ერთად სოფელში ვასო მეკარიშვილიც დარჩა. როგორც ამბობენ, უთქვამს: თუ სიკვდილი მეძებს, ყველგან მიპოვის და მინდა ჩემ სოფელში ვიყოო. ალბათ აღარც დააძალეს ვასოს წასვლა, რადგან მას გონებრივი ჩამორჩენილობა ჰქონდა, ალბათ იფიქრეს, ვის რა უნდა დაუშავოს, რომ მას ავნონო. მშვიდობიანობის დროს, ვასო თითქმის მთელი დღე სახლის წინ იჯდა, იშვიათად თუ იღებდა ხმას. სოფელში ამბობდნენ, ახალგაზრდობაში ქალმა მოწამლა და მას მერეა ასეო.
...სოფელში, ბოევიკების ახალი ჯგუფი შევიდა, საკბილოს ეძებდნენ. ერთ-ერთმა სახლის ეზოში მჯდარი ვასო დაინახა და ძალით გამოიყვანა სოფლის შარაზე.
ალბათ დასცინეს კიდეც, მერე ვიღაცამ ახალი "გასართობი" მოიგონა, ძირს დააგდო ქართული დროშა და ვასოს აიძულეს, დროშაზე ფეხით გაევლო. ვასომ კატეგორიული უარი თქვა. ამან გააკვირვა და გააბრაზა კიდეც მომხვდურნი, ბრძანება გაუმეორეს, ვასომ ისევ უარი თქვა. საქმეში უკვე იარაღი ჩართეს და მისი მუქარით აიძულებდნენ ვასოს ქართული დროშა შეებღალა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრნენ, იარაღის ლულა პირში ჩაუდეს, ვასომ ისევ უარი თქვა...
...ამბობენ მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, თავში. ვასო მეკარიშვილი - ეს სახელი და გვარი ალბათ საქართველოს დიდი ნაწილისთვის არაფრისმთქმელია, თუმცა ეს კაცი ძალიან დიდი გმირია, მისთვის ის დროშა საქართველო იყო და ბოლომდე, გმირულად დაიცვა საკუთარი ქვეყნის ღირსება.
გმირების სახელებს არ უნდა ვივიწყებდეთ!
ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE