თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი სტაბილური, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორი მათგანი ნეიროქირურგიის განყოფილებაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია, კიდევ ერთი სამხედრო თორაკო ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გუშინ "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები კი თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.