ცნობილია, რომ ადამიანები იმაზე ბევრ რამეს ვნატრობთ და მოსაპოვებლადაც ვიბრძვით, ვიდრე გვჭირდება. ხოლო თუ ეს არ გამოგვდის, ვიტანჯებით. რეალურად თურმე ერთადერთი ნატვრა უნდა გვქონდეს, - ჯანმრთელები და ბედნიერები ვიყოთ ჩვენც და ჩვენი ახლობლებიც, რადგან უამისოდ ყველა ნატვრას ფასი ეკარგება.
გლდანში, ერთ უსახურ ბინაში სამი ადამიანი ქეთევან სვანიძე და მისი 30 წლისა და 16 წლის ვაჟები ენითაუწერელად იტანჯებიან. უფროსს, გურამს, 2 წლის განმავლობაში მუცელში ჯოჯოხეთური ტკივილები სტანჯავდა, რომლის მიზეზი ექიმებმა თავიდანვე ვერ დაადგინეს, - უფულობის გამო კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გურამს ნაწლავებთან შარდის ბუშტი ჰქონია შეხორცებული, რის შემდეგაც პერიტონიტი განვითარდა. პერიტონიტის ასალაგებლად ოპერაცია გაუკეთდა, მუცლის სწორი ნაწლავი მუცლის ღრუს ზემოთ ამოუტანეს მონელებული საკვებიდან გასათავისუფლებლად, თუმცა, ნაწლავები კვლავ შეხორცებულ მდგომარეობაში დაუტოვეს, მისთვის ხელის შეხება სარისკო აღმოჩნდა.
ქეთევან სვანიძის მეორე ვაჟი, 16 წლის კობა კი რამდენიმე თანდაყოლილი ავადმყოფობით იტანჯება, მათ შორის: ჰიდროცეფალიით, სიბრმავითა და სახსრების დაჭიმულობით. ამ დაავადებათა ფონზე მხოლოდ 14 კილოგრამს იწონის, ვერ დადის, მუდამ წევს და მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა ხელში დედა აიყვანს. დედაც ლამის მთელი ღამე დაატარებს ხელით, დღე კი უმოძრაო შვილს მეზობელს აბარებს და სამსახურში მიდის, მისი ხელფასი ოჯახის არსებობის წყაროა. ბოლო თვეებში მის ტვირთს უფროსი ვაჟის მოვლაც დაემატა, რომელიც ოპერაციის შემდეგ ასევე საწოლს მიეჯაჭვა.
ქეთევან სვანიძე:
- ყველა გოგონა ბედნიერებას ეძებს და მეც ვეძებდი, არადა, დიდი შეცდომა დავუშვი, - ნაადრევად გავთხოვდი და თან ისეთს გავყევი ცოლად, ერთხელაც დედა რომ არ მომშველებოდა, ალბათ მომკლავდა. სხვა გზა არ მქონდა, გავეყარე და მთელი სიყვარული შვილზე გადავიტანე. ალბათ ბედისწერა იყო და წლების შემდეგაც თითქმის იგივე შეცდომა დავუშვი, - როცა ვიფიქრე, რომ ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელთანაც ბედნიერი ოჯახი მექნებოდა, მაშინ დასრულდა ყველაფერი - კობას დაბადებისთანავე, რაც გაირკვა, რომ ახალშობილს ჯანმრთელობის მძიმე, თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა, მიგვატოვა... განაგრძეთ კითხვა