წნორის კლინიკაში მოთავსებული 8 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი განმარტებით, აღნიშნულ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე კი ამ დროისთვის თბილისში გადმოჰყავთ. კატასტროფის ეკიპაჟები უკვე დედოფლისწყაროს კლინიკაში გავიდნენ. 27 პაციენტიდან 5 თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.
კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი "კამაზის" მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი - წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.
დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა.