ავტორი:

ყიფშიძე, წურწუმია, ხუდადოვი... - ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებსაც თბილისის ცნობილი ქუჩები ატარებს

ყიფშიძე, წურწუმია, ხუდადოვი... - ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებსაც თბილისის ცნობილი ქუჩები ატარებს

თბილისში დროსთან ერთად, ცხადია, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, დიდი თუ პატარა ქუჩისა თუ ცენტრალური გამზირის სახელწოდებებიც. დიახ, მათთვის სახელები სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ გადაურქმევიათ, რისი აუცილებლობაც ყოველთვის დროის კარნახით იყო განპირობებული...

ხშირად ისეც ხდება, რომ საკმაოდ ცნობილი ქუჩა, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ყოველდღიურად მოძრაობს, მობინადრეებმა არც კი იციან, ვის სახელს ატარებს. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში ასეთი არაერთი ქუჩაა...

ეს რომ ასეა, ამის დასადგენად, გამოკითხვაც კი ჩავატარეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს მართლაც გაუჭირდათ პასუხი, თუ ვინ იყო, მაგალითად, წინამძღვრიშვილი, რომელის სახელიც ჩუღურეთში, ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ჰქვია, ვერ თქვეს ასევე ვინ იყო წურწუმია, არადა, ამ ადამიანის სახელი ავლაბარში ერთ-ერთ ყველაზე მოძრავ და აქტიურ ქუჩას აქვს მინიჭებული...

AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, რამდენიმე ასეთ პიროვნებაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელთა სახელობის ქუჩებზე დავდივართ, მაგრამ მათ შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს, ან ზოგჯერ საერთოდ არაფერი ვიცით.

(ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან)

წინამძღვრიშვილის ქუჩა

მიხეილ წინამძღვრიშვილი გამოჩენილი მკურნალი, თერაპევტი და კარდიოლოგი იყო. ამასთან, კარგი პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

საქართველოში კარდიოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, წინამძღვრიშვილმა დააფუძნა. აკადემიკოსის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსებული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 16 წლის განმავლობაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულება იყო.

50-იან წლებში წინამძღვრიშვილი უეცარი სიკვდილის პრობლემით დაინტერესდა, რაზეც სერიოზულად მუშაობდა... მნიშვნელოვანია მეცნიერის ნაყოფიერი, შემოქმედებითი ძიების უკანასკნელ წლებში (1955-56 წწ.) და გამოქვეყნებული შრომები მიოკარდიოდისტროფიების პრობლემის გამო. ეს ნაშრომები დღესაც აქტუალობას ინარჩუნებს. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კარდიოლოგიის ინსტიტუტში პირველად დაინერგა გულის დაავადებების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები. შეიქმნა კარდიოქირურგიული განყოფილება.

ხუდადოვის ქუჩა და ტყე

თბილისში ხუდადოვის სახელს მტკვრის მარცხენა ნაპირის ფერდობზე გაშენებული ქუჩა (გადასასვლელი ხიდიდან ზემოთ, ლოტკინისკენ მიმავალი) და ასევე მწვანე მასივი ატარებს. ტყის მასივი 1893 წელს, ქალაქის სათათბიროს წევრის, ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე, ნაძალადევის საზღვარზე დაიწყეს. თბილისელებმა ტყეს თავიდანვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს.

ნიკოლოზ ხუდადოვი XIX საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა, მაგრამ თბილისის ისტორიაში დღემდე მყარი ადგილი აქვს დამკვიდრებული. პროფესიით ექიმი ნაძალადევში მდებარე ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოსაც ხელმძღვანელობდა და უნდოდა, კლინიკის გარშემო ჰაერი გაჯანსაღებულიყო, ამიტომაც მთის ფერდობების გამწვანება გადაწყვიტა. მის ინიციატივას ნაძალადევში მცხოვრები მუშები გამოეხმაურნენ. მოგვიანებით ტყე რევოლუციონერი მუშების შეკრების საყვარელ ადგილად ქცეულა. ალბათ ამის გამოა, რომ დღემდე ხუდადოვი ბევრს რევოლუციონერი ჰგონია.

ჩიტაძის ქუჩა

ეს ქუჩა პარლამენტის შენობის მიმდებარედ არის. შიო ჩიტაძე ქართველი კრიტიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი იყო, რომელიც გორში 1873 წელს დაიბადა და საკმაოდ ახალგაზრდა, 32 წლისა გარდაიცვალა.

შიოს გორის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია და მისაღები გამოცდები თბილისის მეორე გიმნაზიაში ჩაუბარებია. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩართულა საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშაობაში; გიმნაზიის კურსის დასრულების შემდეგ, კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც საუკეთესო სტუდენტი ყოფილა;

მალე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ აურჩევიათ. კიევის უნივერსიტეტის კურსი წარმატებით დაასრულა და კიევის გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მიიწვიეს, მათ შორის, ცნობილ ქალთა კერძო გიმნაზიაშიც; აქტიურად მონაწილეობდა კიევის პროგრესულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს ათავსებდა; ეწეოდა რევოლუციურ მუშობას;

1904 წელს თბილისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა ის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია და თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა; სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების "ცნობის ფურცლისა" და "შრომის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო; ჩიტაძე 1906 წელს ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

თამარაშვილის ქუჩა (ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ქუჩა)

მიხეილ თამაშვილი იყო ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი (ერისკაცობაში ალექსანდრე), რომელიც ახალციხეში, 1858 წელს "რაბათის" უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

დაწყებითი განათლება ახალციხეში "ქვემო ეკლესიის" სამრევლო სკოლაში მიიღო, 1878 წელს სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში გააგზავნეს, საიდანაც, ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით, სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში გაემგზავრა. სამი წლის შემდეგ, სტამბოლში დაბრუნებული, მღვდლად ეკურთხა.

1888 წელს თბილისში დაბრუნდა, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად გაამწესეს, თუმცა პროქართული ქადაგებების გამო, ცარისტული მთავრობის განკარგულებით, როგორც არაკეთილი აზრების მოძღვარს, ნაციონალისტური პროპაგანდისთვის საქართველოდან გაძევება მიესაჯა და მღვდელმსახურება აეკრძალა. 1891 წლიდან მიხეილ თამარაშვილმა სწავლა რომში სასულიერო აკადემიაში გააგრძელა და სამი წლის შემდეგ ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა, მალე აკადემიის პროფესორად დაინიშნა.

მიხეილ თამარაშვილმა, რომელსაც იტალიაში მიქელ თამარათის სახელით იცნობდნენ, ვატიკანის, იტალიის, თურქეთის, მოსკოვის, ალექსანდრიისა და ლონდონის არქივებში საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა გამოავლინა, დაამუშავა საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალები და გამოსცა, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მიხეილ თამარაშვილის დამსახურებაა სიციალიაში კრისტეფორო დე კასტელის სურათების ალბომის აღმოჩენა, დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მიხეილ თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან მეცნიერი დაიღუპა, როცა სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა. ის მხოლოდ 53 წლის იყო. დაკრძალეს სანტა-მარინელას ეკლესიაში. გაურკვეველი მიზეზების გამო, მალე ჩივიტავეკიას წმ. მარინის პანსიონში გადაასვენეს, ხოლო 1978 წელს რეზო თაბუკაშვილის ძალისხმევით, თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ყიფშიძის ქუჩა

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ვაკეში მდებარეობს, გალაკტიონის ძეგლთან. ნიკოლოზ ყიფშიძე, ვის სახელსაც ეს ქუჩა ატარებს, ღვაწლმოსილი ექიმი გახლდათ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. ცხოვრების 40 წელი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურა.

წლების განმავლობაში განაგებდა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანიტარულ-ჰიგიენურ საფაკულტეტო თერაპიის კათედრას. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების კათედრას. პირველმა გამოაქვეყნა შრომები ფილტვების ანთების სულფიდინით მკურნალობის შესახებ (1942-1944 წწ.) მის კლინიკაში ყველაზე ადრე დაინერგა სისხლის გადასხმა.

ყიფშიძემ შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელო შინაგან სნეულებაში. არადა, წარმატებულ კარიერამდე საკმაოდ რთული გზა ჰქონდა გავლილი, დაბადებული იყო გორში, ფოსტის ღარიბი მოსამსახურის ოჯახში და ადრე დაობლდა. თუმცა მაინც მოახერხა, პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წარჩინებული სტუნენტი გამხდარიყო. ერთხელაც, სტუდენტების სახელით, ლევ ტოლსტოის დაკრძალვაზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმაც მოუხდა. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ის 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა სტალინის დედას ეკატერინეს, რომელიც შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

წურწუმიას ქუჩა

ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა ავლაბარშია. ეს ადამიანი კი საბჭოთა კავშირის გმირი გახლავთ, მფრინავი. მას თავის დროზე, მშობლიურ კუთხეში, სენაკში, ერთ-ერთ პარკში ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს.

ალექსანდრე განსაკუთრებულად უყვარდათ მშობლიურ სოფელში (თეკლათი), მის საგმირო საქმეებზე წლების განმავლობაში მშობლიურ კუთხეში თაობებს ზრდიდნენ. თეკლათიდან მეორე მსოფლიო ომში 300-ზე მეტი ახალგაზრდა წასულა და მათგან ნახევარზე მეტი არ დაბრუნებულა.

იოსებიძის ქუჩა

ეს ქუჩა საბურთალოზე, შარტავასა და პეკინის ქუჩების პარალელური და მოზრდილი ქუჩაა, თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობიდან, არავინ იცის, ვინ იყო თინა იოსებიძე. ეს ადამიანი საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გახლავთ, თუმცა ისტორია მეორდება და იოსებიძეების გვარში 2008 წელს რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ლევან იოსებიძე, თინა იოსებიძის ძმის შვილიშვილია.

ლევანის სახელი კი რუსთავში პირველი მაისის ქუჩას (სადაც 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა) ეწოდა. თინა იოსებიძე სწორედ ლევან იოსებიძის პაპის და იყო. თინა, თავის დროზე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დააჯილდოეს, ლევანი - გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

ხიზანიშვილის ქუჩა

ეს ქუჩა გლდანშია, მთავარი გამზირია და აქაც ზუსტად ის შემთხვევაა, როცა არავინ იცის, ვინ არის ომარ ხიზანიშვილი, არადა, ქუჩა ასეთი ცნობილია და ამდენი ადამიანი მოძრაობს იქ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ჩვენც გაგვიჭირდა.

ერთადერთი, რაც გავარკვიეთ - ომარ ხიზანიშვილი გლდანის რაიკომის პირველი მდივანი ყოფილა, რომელსაც ამ რაიონისთვის ბევრი საქმე გაუკეთებია და მადლიერმა საზოგადოებამ ქუჩას მისი სახელი მიანიჭა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ატვირთულია ფოტო, რომელზეც ომარ ხიზანიშვილია ასახული, თუმცა აქ ხიზანიშვილი საქართველოს მეტროპოლიტენის უფროსადაა მითითებული.

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მფლობელი - ბაადურ ქობლიანიძე