"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. მსახიობმა ექვსი თვის წინ უმძიმესი დაზიანებები მიიღო ავარიის შედეგად, 13 დღის განმავლობაში კომაში იყო და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ კი, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებს პაციენტის მუცლის ღრუს ხელახალი გახსნა დასჭირდათ.
მსახიობი მთელი ღამის მანძილზე აპარატზე იყო შეერთებული. დღეს დილით, როცა გიორგი გოცირიძის კუთვნილ ნომერზე დავუკავშირდით, მსახიობმა თავად გვიპასუხა.
"ძალიან რთული ოპერაცია გადავიტანე, ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, ახლა მომხსნეს აპარატიდან. ცოტა გართულებები, რა თქმა უნდა მოჰყვა, მაგრამ უკვე კარგად არის ყველაფერი. რამდენიმე დღით საავადმყოფოში უნდა ვიყო, არ ვიცი როდის გამწერენ. რამდენიმე წუთის წინ გადმომიყვანეს პალატაში და ჯერ მეც არ ვიცი რა მოხდა. ვიცი, რომ ჭიპი აღარ მაქვს. გამოვალ მდგომარეობიდან რამდენიმე საათში და უფრო დეტალურად დაგელაპარაკებით".
მოგვიანებით მსახიობს ისევ დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ მას ძლიერი ტკივილები აქვს და ექიმებმა დააძინეს. ამჯერად მისი და, ანი გოცირიძე გვესაუბრა.
"გიორგის გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და ახლა ისევ დააძინეს. მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწლავები, მუცლის ფარი და კედლები ჰქონდა ერთმანეთზე შეხორცებული. ხელოვნური ბადე გაუკეთეს. სულ შლანგებში და დრენაჟებში არის ახლა.
- არასწორი რეაბილიტაციის ბრალია, ასეთი შედეგი რომ დახვდათ ქირურგებს?
- არა, რა თქმა უნდა. 6 თვის წინ, როცა ავარიაში მოხვდა, მძიმე დაზიანებები მიიღო მუცლის ღრუშიც, მისი გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო, ამიტომ როცა შეიყვანეს კლინიკაში, ექიმებმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ გაუკეთეს მუცლის ღრუში ოპერაცია. ექიმმა გვითხრა, ვიცოდი ასეთი სურათი რომ დაგვხვდებოდა, უბრალოდ არ განერვიულებდითო.
- რომელი ორგანო დაკარგა გიორგიმ?
- მთავარი ნაწლავი, რომლითაც იკვებება ორგანიზმი და აღარ აქვს ჭიპი. ჯერჯერობით არ ვიცით, როდემდე დავრჩებით კლინიკაში.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE