ყველა ადამიანს თავისი საოცნებო სახლი აქვს, თუმცა მის ასაშენებლად, თუ შესაძენად შესაბამისი ფინანსები სჭირდება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა უფრო იაფი დაგიჯდებათ თბილისში - სახლის აშენება თუ ბინის ყიდვა.
განცხადებების საიტის Saqme.ge-ს დახმარებით, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მოცემულობად ავიღეთ: 80 კვ.მეტრის თეთრი კარკასის ბინა და ამავე ფართის სახლი, რომელიც დაახლოებით 200 კვ. მეტრი მიწის ფართობზე უნდა აშენდეს (ამ შემთხვევაში დავითვალეთ მიწის ნაკვეთის ფასიც).
"Saqme.ge-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საბურთალოზე, მაგალითად ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალაშენებულ ბინაში, თეთრი კარკასის ფასი 750-800 დოლარამდე მერყეობს, რაც 80 კვ.მეტრის შემთხვევაში, საშუალოდ 60 ათას დოლარზე მეტი გამოდის.
რაც შეეხება ქავთარაძეს, აქ ფასები ოდნავ განსხვავებულია. კვ.მ. მაქსიმუმ 700 დოლარამდე ღირს, ამ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული კვადრატულობის ბინის ფასი 55 ათას დოლარზე მეტი გამოდის. ქავთარაძესთან შედარებით ვაჟა-ფშაველაზე ბინები უფრო ძვირია.
ისანში და სანზონაში ბინების ფასი, რა თქმა უნდა, უფრო იაფია. მაგალითად, ისანში თეთრი კარკასის კვ.მ დაახლობით 600 დოლარამდე ღირს, ასეთ შემთხვევაში 80 კვ.მეტრის ფართის ღირებულება 50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, კვ.მ-ის ფასი 400-450 დოლარია, ბინის ფასი კი საშუალოდ 35 ათასის ფარგლებში გამოდის", - ამბობს Saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა უბანში 80 კვ.მ თეთრი კარკასის ფასი გამოდის:
ვაჟა-ფშაველა - 64 ათასი დოლარი
ქავთარაძე - 56 ათასი დოლარი
ისანი - 48 ათასი დოლარი
სანზონა - 36 ათასი დოლარის ფარგლებში
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, როგორც Saqme.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით ვარკვევთ, დიდ დიღომში მიწის ფართი 12 დოლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს. ივერთუბანი, რომელიც ლოტკინთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი ახალი უბანია და ბოლო პერიოდში აქ მასობრივად შენდება საცხოვრებელი სახლები. აქ მიწის ფასი 60 დოლარიდან იწყება და 100 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სანზონას, იქ საშუალოდ 80 დოლარი ღირს.
კერძო სახლის აშენებას მსურველებს საქართველოში რამდენიმე კომპანია სთაზობს. ფასები და პირობები განსხვავებულია. "ამბები.გე"-ს მოძიებული ინფორმაციით, კერძო სახლის აშენება (კვ. მეტრი თეთრი კარკასის მდგომარეობაში) სხვადასხვა კომპანიის ფასების მიხედვით 150-450 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საშუალო ფასი 300 დოლარი გამოდის. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 კვ.მ-ის თეთრი კარკასის სახლის აშენება საშუალოდ 24 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.
თუ 80 კვ.მეტრის სახლის ასაშენებლად, მოცემულობისთვის ავიღებთ 200 კვ.მ მიწის ფართობს, უბნების მიხედვით შემდეგ მონაცემებს მივიღებთ:
დიდ დიღომში ამ ფართობის მიწა მაქსიმუმ 20 ათასი დოლარი დაგიჯდებათ ამას დამატებული სახლის ფასი და ჯამში 44 ათასი დოლარი გამოდის
ივერთუბანი - მიწის ნაკვეთისთვის მინიმუმ 12 ათასი დოლარი დაგჭირდებათ, დამატებული სახლის ფასი, რაც ჯამში 36 ათასი დოლარი გამოდის
რაც შეეხება სანზონას - მიწა 16 ათასი დაგიჯდებათ, სახლი 24 ათასი, შესაბამისად, ჯამურად მივიღებთ 40 ათას დოლარს
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ უხეში დაანგარიშებით კერძო სახლის აშენება თავისი მიწის შესყიდვით, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე ფართის ბინის შეძენა.
(მონაცემები დათვლილია SAQME.GE-ს განცხადებების მიხედვით)
ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE