ზეზვას და მზიას ღია წერილი დავით თარხან-მოურავს

ზეზვას და მზიას ღია წერილი დავით თარხან-მოურავს

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"შვილო დათო, ჩვენ ხშირად ვერ ვუყურებთ ტელევიზორს, მაგრამ ამბები მოგვდის და გვინდა გითხრათ, რომ ძალიან გაგვახარა შენმა გამოსვლამ. გვიხარია, რომ ჩვენმა თესლმა სწორად იხარა და შენნაირი ღირსეული ნაყოფი გამოიღო. მარტო ჩვენ კი არა, ყველას უხარია. გუშინ, ნაპოლეონი შეგვხდა და იძახდა: "ეგ მაიმუნი ამხელა მახსოვს (მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი მუხლამდე მიიტანა) და უკვე დაკაცებულაო". მთელი დღეები გაღიმებული დავდივართ და გვეამაყება, რომ ჩვენი ხარ.

ისე, დიდი ბებია შემოგევლოს, სულ ზეზვას კვალზე წასულხარ. ეგეც ეგრე დადიოდა არჩევნების წინ. მართალია, ჩვენს გარდა მხოლოდ ერთი ამომრჩეველი იყო, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ხელშეკრულების დადება. სანაცვლოდ იცოდა, რომ სამივე ხმა ჯიბეში ჰქონდა. ერთხელ ორი ხმა აიღო, როგორც ჩანს, დათვლისას ბიულეტენი გაიხა და ბათილად ვცანით, ჰოდა შეძრა მთელი სამყარო, ქუდზე მამონტი გამოიყვანა არჩევნები გამიყალბესო. ძლივს დავაშოშმინეთ. ჰოდა, ასეთს რომ გხედავ, ჩემი ზეზვა მახსენდება და მიხარია.

დათუნა შვილო, ერთ რჩევას მოგცემთ (იმ ასაკში ვართ კი დაგვეჯერება), ხალხს არ უგდო ყური და მხოლოდ ის თქვი, რასაც საჭიროდ თვლი (პრინციპში ახლაც იმავეს აკეთებ, მაგრამ მაინც გახსენებთ).

იხილეთ ვიდეო: თარხან-მოურავის ამ ვიდეოს Facebook-ზე ასობით ადამიანი განიხილავს - ვისი სისხლი ჩქეფს პოლიტიკოსის ვენებში

ერთხელ, აფრიკიდან რომ მოვდიოდით, ზეზვა ამბობდა გავა 14 600 წელი და ვინ იცის, იქნებ აღარავის ვახსოვდეთო. მახსოვს, მუჯლუგუნი ვუთავაზე და ვუთხარი, ნუ სულელობ თუ კაცი ხარ-მეთქი. მას მერე სულ ამ წამს მახსენებდა ბაბუაშენი და მეუბნებოდა, აგე თუ სიმართლეს არ ვამბობდიო, მაგრამ შენ რომ გამოხვედი, ნიშნის მოგებით გადავხედე და გაისუსა. მე რას გამომაპარებს და სიამაყით აღარ იცოდა რა ექნა, მთელ სახეზე ალმური აედო, მართალია ცეცხლს ანთებდა და მოკიდებია, მაგრამ ხომ ვიცით, ეგეც სიამაყით ქნა.

დავით, შვილო, საუბრისას რომ სამ თითს ერთად კრავ საოცრად გშვენის, ასე მგონია მთელ ჩვენ ჯიშს მაგ სამ თითში აერთიანებ. ქართული გენის ყივილი ხარ. დავით, ბაბუ, მზიას ცოლად მოყვანის მერე ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოში ჩამოსვლა იყო. ვერ წარმოიდგენ დმანისი რას გავდა ჩვენ რომ ჩამოვედით. ერთი სახლიც კი არ იდგა, მაგრამ საერთოდ არ შევშინებულვარ, ვიცოდი, რომ ერთხელაც გამიმართლებდა. როცა გიყურებ, თვალები ცრემლით მევსება, მზიას ვეუბნები - ქალო, ნახე ჩვენი დათუნა რა ბიჭი დადგაო. მიდი ბაბუ, მტერს თვალი დაუყენე. წინაპრებზე რომ ისაუბრე, მაგაზე იმიტომ ქილიკობენ, რომ მაგათ წინაპარი არ ჰყავთ, თორემ კაცი რომ წინაპრის ჩამოთვლაზე გაიცინებს, აბა ეგ კაცია?! ყველაფერი გარყვნილი დასავლეთის ბრალია ბაბუ, მაგათმა შემოიტანეს ყველაფერი ცუდი. არ მახსოვს დინოზავრების შემოსევა ჩრდილოეთიდან ყოფილიყო, ყოველთვის დასავლეთიდან გვიტევდნენ, თან ისეთი ლამაზები იყვნენ, ვერაფერს ვუშავებდით და იდეოლოგიურად გვანადგურებდნენ. ჩრდილოელები კიდევ, მოვიდოდნენ, მუსრს გაგვავლებდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ ის მაინც ვიცოდით, რომ უნდა გავენადგურებინეთ და შეგუებული ვხვდებოდით, მაინც ჩვენები იყვნენ. ორივეს ერთი მზე გვანათებს. ერთ მზიანები ვართ და მაგათ თუ არ დავეყრდენით, დასავლეთში რა მზეა, ვინ იცის?!

კიდევ, ბევრი რამის თქმა გვინდა დათუნა, მაგრამ სადაა ამდენი დრო, გამოქვაბული დასალაგებელია, ცეცხლი დასანთები, ნადავლი მოსაპოვებელი. ჰოდა, ამ მოკლე წერილით შემოვიფარგლებით.

პ.ს. ისე, წინაპრების ჩამონათვალში, ფარნავაზ ბიძია და კლეოპატრა ბიცოლა რომ გამოგრჩა, ძალიან აწყენინე. ვუთხარით მექანიკურად მოუვიდაო და დაიჯერეს, ახლა მთელი დღე ტელევიზორს უყურებენ, იმედით რომ ახსენებ, ჰოდა აბა შენ იცი, თავი არ მოგვჭრა.

შენი პოლიტიკური წინსვლით ბედნიერი, შენი წინაპრები ზეზვა ბაბუა და მზია ბებია".

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

(მთავარი ფოტო ფეისბუქიდან)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს