თბილისობის ორდღიანი დღესასწაული 16 ოქტომბერს გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე, სახელწოდებით - "ჩემო თბილის ქალაქო" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა. ინოლა გურგულიას, გიორგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის და სხვა სახელოვანი კომპოზიტორების სიმღერებმა, რომელიც მუსიკოსებმა, ორკესტრთან და ჯგუფებთან ერთად ახლებურად ააჟღერეს, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ცნობილი მელოდიების ახლებურ ვერსიებს სოციალურ ქსელში უგემოვნო უწოდეს.
განსაკუთრებული კრიტიკის საბაბი გახდა ჯგუფ "ნიუტონის" შესრულებული სიმღერა "ვარდები არ არიან". ჯგუფის ინტერპრეტაციით შესრულებული კომპოზიცია სოციალურ ქსელში მსგავსი სალანძღავი "ეპიტეთებით" შეამკეს: "სიმღერის გაუპატიურება", "სიმახინჯე", "უნიჭო რემიქსი" და სხვა.
მოისმინეთ "ვარდები არ არიან" ახლებური ინტერპრეტაციით
AMBEBI.GE ჯგუფ "ნიუტონის" წევრს შაკო ღელეყვას დაუკავშირდა.
"სიმღერის ახლებური ვერსია დაახლოებით ორი კვირის წინ ჩავწერეთ. ეს შეთანხმებული იყო ორგანიზატორებთან. თავიდანვე ვიცოდით, ასეთი ამბავი რომ ატყდებოდა. ქართველები რთულად ეგუებიან სიახლეს. ვისაც მუსიკა ესმის, ის დამეთანხმება, რომ ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. თავად ბატონ ბიძინას შემოქმედებასაც ვერ ეგუებოდა ხალხი, როცა იწყებდა საკუთარ კარიერას, მაგრამ დღეს ის აღიარებული კომპოზიტორია. ჩვენთვის ვისი მოსაზრებაც მნიშვნელოვანია, მათ დადებითად შეაფასეს სიმღერის ჩვენებური ვერსია. ჩვეულებრივი მოკვდავების შეფასება არის ასეთი. სხვა კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებთ.
კომენტარისთვის დავუკავშირდით ჯგუფის სოლისტს, თამუნა ბაბილუას:
"არ ვთვლით, რომ ბიძინა კვერნაძის შემოქმედებას შეურაცხყოფა მივაყენეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ, მოვასმენინეთ სიმღერის ჩვენებური ვერსია და მოეწონათ. საქართველოში რთულად ეგუებიან სიახლეებს და თვლიან, რომ ჭაობში უნდა ჩავრჩეთ. ჩვენ კონცერტის ორგანიზატორებმა მოგვცეს დავალება და ეს დავალება შევასრულეთ. ხშირად გვთავაზობს დამკვეთი ამა თუ იმ სიმღერის ჩვენებურ ვერსიას. სწორედ იმიტომ, რომ სიმღერა უფროსი თაობისთვისაც მისაღები ყოფილიყო, ბოლოს ბიძინა კვერნაძის ვერსია უცვლელად შევასრულეთ. კონცერტზე ხალხის ოვაციები მხოლოდ ჩვენს და ზვიად ბოლქვაძის სიმღერას მოჰყვა.
- შეცვლიდით ახლა რამეს თქვენს სიმღერაში?
- არაფერს არ გადავაკეთებდით. ვთვლი, რომ კარგი ნომერი გავაკეთეთ. იყო ტექნიკური ხარვეზები, მონიტორში ხმა არ გვესმოდა და ვიდეოს რომ ვუყურებ ერთ მომენტში აცაბაცად ვმღერი. მაგრამ დიდ ვარსკვლავებს მოსდით შეცდომა სცენაზე.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE