ეროვნული ბანკის შეფასებით, 2017 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის. ეროვნული ბანკი იმასაც ამბობს, რომ ვალის მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა.
ამასთან, ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რადგან, მისი შეფასებით, სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
ამ ყველაფრის შესახებ ნათქვამია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ეროვნული ბანკის დასკვნაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
"საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 8,715 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8,170 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 545 მილიონი ლარი - არასაგადასახადო შემოსავლებზე. სულ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2016 წლის გეგმასთან შედარებით 2.4%-ით იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ–ის საპროგნოზო ოდენობასთან 22.3%-ს უტოლდება.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 9,965 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან მიმდინარე ხარჯებზე - 8,787 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე და წმინდა დაკრედიტებაზე 1,178 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 354 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო როგორც მიმდინარე (243 მლნ ლარი), ასევე კაპიტალურ ხარჯებს (111 მლნ ლარი).
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით 194 მილიონი ლარით იზრდება და 1,250 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზე არის დაგეგმილი. ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა, თუმცა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.3%-მდე. აქედან გამომდინარე, იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის.
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ვალდებულებების ზრდაში იმატებს შიდა წყაროებიდან მიღებული სახსრებით დეფიციტის დაფინანსების წილი. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 300 მლნ ლარის მობილიზება. ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რამდენადაც სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ სხვა შენიშვნები არ აქვს", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერით პარლამენტს წარედგინა.
ლარის კურსის დასტაბილურების შესახებ კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
როგორც ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით.
"გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას", - განაცხადა ხადურმა.