თბილისობის ორდღიანი დღესასწაული გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე, სახელწოდებით - "ჩემო თბილის ქალაქო" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა. რამდენიმე სიმღერამ მსმენელთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ცნობილი მელოდიების ახლებურ ვერსიებს სოციალურ ქსელში უგემოვნოს უწოდებენ.
მოისმინეთ "ვარდები არ არიან" ახლებური ინტერპრეტაციით
ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც განსჯის საგანი გახდა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე აჟღერებული ბიძინა კვერნაძის "ვარდები არ არიან" იყო, რომელიც ჯგუფმა "ნიუტონმა" ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზა ქართულ საზოგადოებას. კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე კონცერტიდან ნაწყვეტს აზიარებს და წერს:
"ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით, ისე რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე. რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით" - წერს კომპოზიტორი.
ტატიშვილის პოსტს უამრავი გამოხმაურება და გაზიარება მოჰყვა. კომენტატორების უმრავლესობა კონცერტის ორგანიზატორებსა და სიმღერის ინტერპრეტატორებს გემოვნებასა და იდეას უწუნებს:
"სიმახინჯე! ამაზე განგაშია საჭირო! ვითომ გაჯაზება, სინამდვილეში - გაჯამბაზება!"
"აერია ნიუტონს ტონი. ქარი ხომ არ იყო? ასე მეგონა ბგერებს სტაცებდა"
"არის თემები რომელიც ხელშეუხებელია!!!! მორჩა და გათავდა!!!!!!! სხვისას შეეშვი! თავად შექმენი და ატრიალე ნებისმიერი გრადუსით....!!!!!"
"ძალზე უნიჭო რემიქსია,სამწუხაროდ ავტირი ცოცხალი არაა და წარმომიდგენია რა მახვილგონივრული ეპიტეტით შეამკობდა ამ "შედევრს"!!!"
"ეს იყო სრული მარაზმი, ვინ იყო მუსიკალური პროდიუსერი საინტერესოა, იქნებ გაგვცეს პასუხი. ეს ხომ ხალხის დაცინვაა და ქართველი კლასკოსების შეურაცხყოფა"
"ეს არის სიმღერის გაუპატიურება"
"ეს სიმღერის ის ვერსიაა, სული ჯოჯოხეთში რომ მოხვდება... იქ ასე მღერიან ალბათ უსმენოდ, უგემოვნოდ და ტანჯვით. სხვა დანარჩენს, ინტელექტუალური სამართალი აწესრიგებს!..."
"ამ კონცერტზე შესრულებული ყველა სიმღერა საშინელი მოსასმენი იყო. ვინ დაგვწყევლა ასე"
"პირადად მე ბოლომდე ვერ მოვისმინე, ცუდად გავხდი... იმათ რა ვუყოთ, ვინც იქ იდგა, ისმენდა და არ ჩამოათრია სცენიდან ის უდღეურები?! რა დონემდეა დაცემული ხალხის გემოვნება!"
"რატომ არ ხსნიან სამსახურებიდან ამის ორგანიზატორებს? მაინცდამაინც სახლი უნდა ჩამოინგრეს ან ხიდი? ან სხვა სააღმსრულებლო კრიმინალი? ეს არაა კრიმინალი? კულტურაა საზოგადოების სახე და ბრენდი ყველა ქვეყანაში წარსული ცივილიზაციებიდან მოყოლებული და რატომ გასდით ამათ ყველაფერი და ყველა მთავრობას უძლებენ და ტივტივებენ"
პოსტს გამოეხმაურა დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე:
"ვინც ეს ვითომ სიმღერა სცენაზე გაუშვა არიან მაპატიეთ და გოიმი, უშნოდ აცუნცრუკებული ს....ი. გეწყინოთ! ცხონებული ბიძინა წამოაყენა, რას გაგინებდათ"
ჯგუფ "ნიუტონს" გამოუჩნდნენ მხარდამჭერებიც: "არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ! გასაგებია და მისაღებია, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მაგრამ პირად შეურაცხყოფაზე გადასვლა, ინსტრუმენტების თავზე გადალეწვის სურვილი და სხვა მრავალი რაც აქ დაიწერა ზედმეტია. ბოლოს და ბოლოს თქვენი შვილების ტოლ ადამიანებს ლანძღავთ. პ.ს მაგრამ კარგია ეს კრიტიკაც, თქვენი წყალობით დღეს მთელმა თბილისმა და არამარარტო თბილისმა გაიცნო ეს ჯგუფი. პატივისცემით ნიუტონის ერთ-ერთი მსმენელი".