არანაირ მოლაპარაკებებს, არც მაშინ როცა კოალიციაში ვიყავით და არც მას შემდეგ, რაც კოალიცია დავტოვეთ, ადგილი არ ჰქონია, - ასე გამოეხმაურა "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რათა "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო.
"არანაირ მოლაპარაკებებს, არც მაშინ როცა კოალიციაში ვიყავით და არც მას შემდეგ რაც კოალიცია დავტოვეთ, ადგილი არ ჰქონია და თუ ვინმე ამ მოლაპარაკებებში არ განიხილება ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". როგორც ჩანს, ჩვენმა უწყინარმა წინადადებამ, რომელიც არც თუ ისე უწინარი აღმოჩნდა, ერთგვარი ჩოჩქოლი გამოიწვია. თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მეორე ტურისთვის რაღაც წინაპირობის შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან "ეროვნული ფორუმის" მისამართით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წინადადება ეხებოდა არა პარტიებთან მოლაპარაკებებს, არამედ ცალკეულ პიროვნებებთან და ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთობლივად რაიმე ახალი და მძლავრია გასაკეთებელი. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ცალ-ცალკე ვაშენებდით პარტიებს და ამ პარტიების შედგებიდან გამომდინარე შეიძლება ერთად დავიწყოთ საუბარი ახალ, გრძელვადიან გაერთიანებაზე, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ იყო ასეთი მოლაპარაკებები ჩვენთან, ძალიან შორს არიან რეალობისგან", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახაბერ შარტავა.
კითხვაზე - მოუწოდებს თუ არა პარტია მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართულის ოცნების" მხარდაჭერისკენ, შარტავა აცხადებს, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" პარტიულად არჩევნები დაასრულა და მოქალაქეების და ამომრჩევლების თავისუფალ აზრზე ზემოქმედებას არ მოახდენს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო უმრავლესობიდან და კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, "რესპუბლიკური პარტია" იყო.