შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ლგბტ თემის წარმომადგენლები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ტრანსგენდერი ქალის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს და სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვენ დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საჭიროა გამოძიებამ დაადგინოს, ხომ არ იყო ტრანსგენდერი ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტი გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი.
"ერთის მხრივ მოვითხოვთ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, რაც გულისხმობს დანაშაულის ეტაპზე მოტივის დადგენას. ანუ, თუ დანაშაული ჩადენილია გენდერული იდენტობს საფუძველზე, ამ შემთხვევაში გამოძიების პასუხისმგებლობაა, ის გამოიკვეთოს და შემდგომ სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა, დამნაშავე დაისაჯოს შესაბამისად, როგორც ჩადენილი დანაშაული, დამამძიმებელ გარემოებაში. გარდა ამისა, გვაქვს გამოცდილება, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშულებები რჩება გამოუძიებელი და ეს აქციაც არის ერთგვარი პრევენცია, რათ მოხდეს დროული და ეფექტური გამოძიება", - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
აქციის მონაწილეებს შსს-სთან მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "შეაჩერეთ ტრანსგენდერი ქალების მკვლელობა", "შეაჩერე ტრანსფობია", "რატომ არ დაისაჯა საბი ბერიანის მკვლელი".
შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.