1963 წელს ვენესუელაში ვიყავით. სასტუმრო "ბოლივიაში" ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი "ჩოლკიანი" ბიჭები, მაშინ "ბითლზი" არ იყო ისეთი პოპულარული... ერთხელ ლიფტით ჩამოვდივართ მე, ნანა კვაჭანტირაძე და მანანა აბაზაძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი და მოგვაჩერდნენ. მე ზურგით დავდექი, რადგან თავი ძლივს შევიკავე სიცილისგან, მაშინ არ ვიყავით მიჩვეული გრძელთმიან ბიჭებს და მეცინებოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ბიჭებზე მთელი მსოფლიო გადაირეოდა
კარზე ზარი დავრეკე, არავინ მიღებს, ცოტა ადრე ხომ არ მომივიდა სტუმრობა-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხანში ჩემი სტატიის ერთ-ერთმა გმირმა გამომხედა. ყველაზე პოპულარული ანსამბლის - "სუხიშვილების" 60-იანი წლების ვარსკვლავი, მოცეკვავე ნათელა გუგულაშვილი ღიმილით შემხვდა და შინ შემიპატიჟა. დილაადრიან ინტერვიუს ჩასაწერად მისულმა, საუბარი მისივე ხელით გამწვანებულ ეზოში ვარჩიე. ცოტამ თუ იცის, რომ ქალბატონი, რომლის სახელიც "სუხიშვილებს" უკავშირდება, ცეკვის დაწყებამდე გაცილებით ადრე, 14 წლის ასაკში, ამერიკული ჟურნალის, LIFE-ს გარეკანზე მოხვდა. უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩამოვიდა. ნათელა მაშინ სკოლის მოსწავლე იყო და გამორჩეული სილამაზის გამო ასობით ბავშვს შორის ამოარჩიეს. ასე მოხვდა ქართველი გოგონა ამერიკული ჟურნალის ყდაზე. ქალბატონი ნათელა გარეგნობას უმადლის "სუხიშვილების" ანსამბლში მოხვედრასაც, თუმცა, იქ შრომაც თავდაუზოგავი იყო. ანსამბლში 18-წლიან მოღვაწეობას "ოქროს ხანას" უწოდებს.
ნათელა გუგულაშვილი: - უცხოელები კულისებში გვაკითხავდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, სურათებს გვიღებდნენ. კონცერტებიდან ერთი კვირის შემდეგ, უკვე მუზეუმებსა და მაღაზიებში გვცნობდნენ, გვეუბნებოდნენ, გოგონები სცენასა და ცხოვრებაშიც ერთმანეთს ჰგავხართო. ასე არჩევდა ნინო რამიშვილი - ყველა განსაკუთრებულად ლამაზი უნდა ყოფილიყო. 18 წელი ვიცეკვე, მთელი ანსამბლი 24 საათი ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით... ძალიან პატარები ვიწყებდით ცეკვას და იქ ვიზრდებოდით, ნინო რამიშვილი გვზრდიდა. ნინომ ცხოვრება გვასწავლა. გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა. გოგოს თვალები, ცხვირი, სახის მოყვანილობა - ყველა ნაკვთი ლამაზი უნდა ჰქონოდა. თავზე ჩიხტი უნდა მოხდომოდა.
ერთი ამბავი მახსენდება - ირლანდიაში ვიყავით. თეატრში ძალიან პატარა ქვის კიბეები იყო. დიდი კაბებით გვიწევდა ასვლა-ჩამოსვლა, თან სულ მუსიკას ვუსმენდით, რომ გვცოდნოდა, როდის მთავრდებოდა ერთი ცეკვა და იწყებოდა მეორე. ერთხელ საგრიმიოროში რადიოს ხმა ჰქონდა ჩაწეული და მუსიკა გამოგვეპარა. რომ ჩამოვედით, ვხედავთ, "ნარნარს" 16 გოგოს ნაცვლად 7 ცეკვავს. ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ რაღას ვიზამდით და გადავწყვიტეთ, შუა ცეკვაში შევსულიყავით, მაგრამ უცებ ნინო რამიშვილმა რომ დაგვტაცა ხელი, არავითარ შემთხვევაშიო და არ შეგვიშვა სცენაზე. გავბრუნდით საგრიმიოროში. კონცერტის შემდეგ გვესმის, ვიღაცებს ლანძღავს, მერე ფეხის ხმით მივხვდით, ჩვენი საგრიმიოროსკენ მოდიოდა. დიდი საკიდები გვქონდა, სადაც საცეკვაო კოსტიუმებს ვკიდებდით და შეშინებული იქ შევიმალე. შემოვიდა, ჯერ ვიოლეტა სახვაძეს ეჩხუბა, მასთან რომ მოამთავრა,
მერე მე მომდგა - გაჰკრა ხელი ამ კოსტიუმებს და სულ თავზე გადმომაყარა. აქა ვარ-მეთქი, ამოვძახე ქვემოდან. ახლა ამაზე გაგიჟდა... თავის გასამართლებლად მე და ვიოლეტამ რაღაცები მოვიგონეთ, მაგრამ ნინოს რას მოვატყუებდით... მიხარია, რომ ამ დიდ საქმეს მისი შთამომავლობა აგრძელებს. ჩემი აზრით, ილიკო გენიოსია.