პირველ ოქტომბერს, საღამოს 7-ის ნახევარზე, დოლიძის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟს - ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. საბედნიეროდ, არც ერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. დაზარალებულის ოჯახი აცხადებს, რომ სამართალდამცველებისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა შს სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრეს.
თაკო ჩარკვიანი, ჯაკოს მამიდა: - ჯანუკის სადარბაზოდან ათიოდე მეტრში ესროლეს. მანამდე, ერთი საათით ადრე ვნახე, საქმეზე მიდიოდა. ღმერთმა დაგვიფარა, რომ გადავრჩით - ორი ტყვია ფეხში, ერთი კი იღლიაში აქვს ნასროლი. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. პოლიცია გვეუბნება, ყველაფერი ვიცით და გამოძიებას დაელოდეთო. თავდაპირველად სამი ბიჭი დააკავეს, რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ და გამოუშვეს. სადაც ეს ამბავი მოხდა, იქვე სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ცხოვრობს, იქ კამერაც არის დამონტაჟებული. ასე რომ, საქმის გახსნა რთული არ უნდა იყოს. პირველად რომ დავინახე დაჭრილი, შოკი მივიღე, ახლაც არ ვარ ჭკუაზე...
-
ჯაკო რას ამბობს?
- პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ამბობს, არაფერი მახსოვსო. ვერ გეტყვით, ჰყავდა თუ არა მტრები. მამუკა გაოგნებულია. აშკარაა, რომ ჯაკოსთვისაც მოულოდნელი იყო თავდასხმა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვნახო, ამოვიცნობო.