ქვეყნის მართვა იმ გუნდს ვანდეთ, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში განაცხადა.
ბერძენიშვილს მაყურებელმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ დაამარცხა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, გიორგი კახიანმა, ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ "რესპუბლიკური პარტია". მაყურებელმა ისინი "ბარსელონას" გუნდს შეადარა.
"ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა დაგვამარცხა და ჩვენ კი არ დაგვამარცხა, არამედ საქართველოში, ყველა პოლიტიკური პარტია დაამარცხა. წაგებულებში მარტო "რესპუბლიკური პარტია" არ არის, აქ წააგო ყველა პარტიამ, რომელიც მონაწილეობდა, გარდა სახელისუფლებო პარტიისა. კვაჭანტირაძეს არ მოუგია ჩვენთვის და იმ ხალხს, თუ იმას გულისხმობთ, რომ უსუფაშვილი მართლა ლევან გოგიჩაიშვილმა დაამარცხა, ეგ არ არის გულწრფელი ლაპარაკი. უსუფაშვილი დაამარცხა იმ გოგიჩაიშვილმა, რომლის უკან იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. ის ხალხი, ვინც თქვენ დაასახელეთ, ცალსახად აღიარებული დიდი პოლიტიკოსები არ არიან. უსუფაშვილი ნებისმიერ დებატებს მოუგებს ყველას, გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ერთად. აქ ამაში არ ყოფილა საქმე, რომ ეკა ბესელია ინტელექტით აღემატება კორძაიას. ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" დამარცხება განაპირობა არა პერსონალურმა უპირატესობამ, არამედ პარტიულმა კუთვნილებამ.
"დიახ, იმ პარტიაში ყოფნა ადვილია, სადაც ხალხი იმარჯვებს. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ხალხს ბევრ საკითხზე პოზიციაც კი არ გააჩნდა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ძლივს მივაღებინეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. მათ შორის გიორგი კახიანს, რომელსაც ეშინოდა ჩემს შვილთან ვინმე მამათმავალი არ შევიდეს მასწავლებლადო. ამას ლაპარაკობდა პოლიტიკოსი კაცი, 21-ე საუკუნეში. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ძალიან სუსტი გუნდია. გარდა ამისა, თქვენ დაასახელეთ ხალხი, ვისაც იცნობთ და მათ გარდა 120 ადამიანია პარლამენტში შეყვანილი, რომელთაც არ იცნობთ. არც თქვენ იცნობთ, არც ჩვენ ვიცნობთ და დიდი ეჭვი მაქვს არც კვირიკაშვილი იცნობს. ვანდეთ ქვეყნის მართვა იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.