შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.
იხილეთ ვიდეოკადრები, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს საარჩევნო უბანზე თავდასხმისთვის 6 პირი
დღეს დილიდან მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ. ადგილზე განცხადება გააკეთა ირმა ნადირაშვილმა. მან პოლიცია დაკავებულების გაქურდვაში დაადანაშაულა.
"ჩვენ მხარდამჭერებს როგორც ტერორისტებს სპეცრაზმი სახლში შეუვარდა. დალეწილია სახლი და ოჯახებიდან მოპარული ფული და ძვირფასეულობა..", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატის ამ განცხადებას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.
"1. ძალიან ცუდია, როცა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წევრობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი ქვეყნის პოლიციას, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საჯაროდ სდებს ბრალს ქურდობასა თუ ძარცვაში..ძალიან ცუდია... ვიტყოდი, სამარცხვინო...
2. ცუდია, როდესაც ნებისმიერი მიზეზით ხელს აფარებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეების და მათი არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე მდგარ სამართალდამცველებზე ხელი აღმართეს და ქვები დაუშინეს...
3. ცუდია, როცა ადამიანი, რომელიც პრეტენზიას დასავლური ღირებულებების თანაზიარობაზე აცხადებს, ქვეყნის პოლიციის დისკრედიტაციით ასე აშკარადაა დაკავებული...
4. ნუთუ მისი ეს ბრძოლა ამად ღირს, ნუთუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ან ნებისმიერი სხვა რამ ღირს იმად, რომ 40 000 ადამიანის ღირსებას ასე ხელაღებით შეეხო?!", - წერს თეა პერტაია "ფეისბუქზე".