ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში მომღერალი ბობ დილანი გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იტყობინება.
75 წლის შემსრულებელი 50-ზე მეტი ალბომისა და "გრემის" 9 პრემიის მფლობელია. 2008 წელს ის პულიტცერის პრემიის ლაურეატი გახდა.
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წელს დაწესდა. გასულ წელს პრემიის ლაურეატი ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გახდა.
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად, წლის ბოლოს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.