ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემი მეუღლისგან, ასევე, სხვადასხვა ადამიანებისგან და ყველაზე მეტად ჩემი ამომრჩევლისგან, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეთანხმება თუ არა მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, პარტიის პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე.
სანდრა რულოვსს კონკრეტული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია.
"მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემი მეუღლისგან, სხვადასხვა ადამიანებისგან და ყველაზე მეტად ჩემი ამომრჩევლისგან. ამ დღეებში დავუბრუნდები მათ და გვექნება საუბარი, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მისივე თქმით, მის ოლქში, ზუგდიდის რაიონში პირველი ტური ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ორ უბანზე განმეორებითი არჩევნები იქნება. სანდრა რულოვსი იმედოვნებს, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს.
"ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, ამიტომ ჯერ ჩემთან პირველი ტური ისევ არ დასრულებულა. 22 ოქტომბერს ჩატარდება ორ უბანში განმეორებითი არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ პირველივე ტურში. სხვაობა არის ძალიან მცირე, თუმცა მე ამ სხვაობისაც არ მჯერა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.