უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" და უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა მეორე ტურში, ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა შევიდეს და უარი უნდა თქვას მეორე ტურში მონაწილეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება არ ასახა.
"ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. ივანიშვილი ჩართავს იგივე თაღლითურ მეთოდებს, რაც ისწავლა რუსეთში ცხოვრებისას. "ნაციონალურ მოძრაობაში" არის განხილვის დემოკრატიული პროცესები და გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. ჩატარებული არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და მე შემიძლია ჩამოვთვალო დარღვევების კორიანტელი. მათ შორის იყო ადამიანების ჯგუფური მოსყიდვა, დაშინება ჩვენი მხარდამჭერების, კომისიის წევრების მოსყიდვა, ასევე იყო პირდაპირი ძალადობა სხვადასხვა რეგიონებში. ეს იყო მასობრივად დადგმული გაყალბების სცენარი, რომელიც არის ელცინის რუსეთის პერიოდის", - განაცხადა მინაშვილმა.
სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ტურში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა. "ქვეყნისთვის აუცილებელია შევიდეთ პარლამენტში. ასევე აუცილებელია, რომ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ამომრჩევლისთვის", - განაცხადა რატიანმა.
სალომე სამადაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პატივი უნდა სცეს იმ ნახევარ მილიონ ამომრჩეველს, რომლებმაც მხარი დაუჭირა პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები შედგა სამართლიან გარემოში. ჩვენ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაერთი ხმა წაგვართვა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო პოლიტიკური გზა, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე", - განაცხადა სამადაშვილმა.
იგივე მოსაზრება აქვს ელენე ხოშტარიასაც. "კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა, რათა ყველა გზით შევებრძოლოთ იმას, რომ არაფორმალურ მმართველობას არ დაემატოს დიქტატი", - განაცხადა ხოშტარიამ.
აკაკი ბობოხიძეს კი არ დაუკონკრეტებია თავისი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა აღნიშნა, რომ მეორე ტური გადაწყვეტს, ამომრჩეველი მისცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობას. მან ბიძინა ივანიშვილს "ჭორვილელი ხიხო" უწოდა. "მე ივანიშვილს ჩემი ნებით არ დავუთმობ არაფერს", - განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც ცნობილია, პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობას არ ეთანხმება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.