სასამართლომ "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი და "ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მაია რჩეულიშვილის მეუღლისთვის, ვახტანგ რჩეულიშვილისთვის. როგორც მან აღნიშნა, ის არ ელოდება, რომ მაია და გურამ რჩეულიშვილებს და ასევე ირაკლი მინდელს, საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გაათავისუფლებენ.
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ე. წ. ბათუმის "მაგნოლიას" ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვას, "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარალებულებმა რჩეულიშვილისგან ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნება მოითხოვეს.