ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმ ვითარებაში, როცა გარკვეული პარტიების წარმომადგენლებმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადეს, "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთ ოპოზიციურ ძალად ყალიბდება.
"დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, რა იქნება მათი ბრძოლის ფორმები, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში შეიტყობს.
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, გულის მოფხანას და რეალურად გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენ გეგმას წარმოვადგენთ რამდენიმე დღეში", - აღნიშნა ბაქრაძემ.