რამდენიმე დღის წინ ქუთაისთან მომხდარ ავტოკატასტროფაში დედა-შვილის - მედეა რურუასა და მისი 8 თვის ქალიშვილის დაღუპვამ საზოგადოება შეძრა. ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი მთელმა ქვეყანამ გაიცნო ტელეკომპანია "იმედის" საშუალებით, სადაც ქალმა მოყვა ისტორია, თუ როგორ გააჩინა ნანატრი შვილი გარდაცვლილი მეუღლის გაყინული სპერმით...
იხილეთ ვიდეო: ფოთელი ქალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან დაორსულდა
როგორც აღმოჩნდა, წყვილი ბუნებრივი ფეხმძიმობის ტრაგიკულად დასრულების შემდეგ (გარდაცვლილს ბავშვი ექიმების დაუდევრობით მშობიარობის წინ გაეგუდა), შვილის გაჩენას ხელოვნური განაყოფიერების გზით ცდილობდა, თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დასრულდა...
გადატანილის მიუხედავად, მედეა რურუას სიცოცხლის სიყვარული და დედობისთვის ბრძოლის ძალა არ დაუკარგავს. მესამედ ის უკვე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მეუღლისვე გაყინული სპერმით დაფეხმძიმდა და სრულიად ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. თუმცაღა, შვილის სიყვარულის ბედნიერების ბოლომდე მიყვანა აღარ დასცალდა...
გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთი ნათესავი მედეა რურუასა და მის პატარა ნინის ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.
"ვერ აღვწერ, რა სიხარულით ელოდებოდა მედეა დედობას და მერე როგორ შეხვდა შვილის დაბადებას, - თვალს ვერ მოწყვეტდი, თითქოს ბედნიერებისაგან, მიწაზე ფეხს არ აკარებს, ფრინავსო. ისედაც ხომ ყოველმხრივ თბილი ადამიანი იყო, - ყველას სიხარულისა თუ ჭირის გამზიარებელი, ყველგან სიხარულის შემტანი, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ კიდევ უფრო საყვარელი და ტბილი გახდა. თან სულ შვილის გარშემო ტრიალებდა, წინადადებას არ დაასრულებდა ისე, ნინო რომ არ ეხსენებინა, - ბავშვი სიცოცხლის აზრად აქცია, ფიქრით და საქციელით მის გარშემო ტრიალებდა. თავად ბავშვიც ისეთივე იყო, როგორც დედამისი, ჯერ ხომ ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა დედას, მერე კი ზუსტად ისევე აფრქვევდა ღიმილს და სიცოცხლეს, როგორც დედამისი;
ზოგი ბავშვი სულ დედის მკერდზეა მიკრული, ნინო კი, სხვებისკენ იწევდა, თანაც სიცილით. შეუძლებელი იყო, მას არ მიფერებოდი. იმიტომაც იყო, მედეას მეზობლებს სულ თან დაჰყავდათ, მუდამ ხელში ჰყავდათ აყვანილი და მუდამ ეფერებოდნენ. ამ ალერსში იმდენი ელაპარაკეს, რომ ბავშვმა 8 თვის ასაკიდან დაიწყო სიტყვების წარმოთქმა. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ამბობდა მედეა - "ნინის გავუჯავრდი და მამასთან დამაბეზღა, მამის ფოტოსთან მივედით და სულ "მამა მამა" ეძახაო". აი, ასეთი დედა-შვილი იყო და როგორ უნდა მოიგონო ესენი ცრემლის გარეშე? დაზაფრულები ვართ. საშინელ დღეშია, მედეას ოჯახი, მას ორი ძმა და დედა ჰყავს და გონზე ვერ მოდიან, წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდათ თავზე.
- როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მეუღლის სპერმისაგან დაფეხმძიმების პირველი შემთხვევა იყო ქვეყანაში, რასაც შესაძლოა, სიახლის გამოც აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია.
- მედეას იმდენად უნდოდა შვილი, რომ მისი ოჯახი ბავშვის დაბადებას ისევე გულის ფანცქალით ელოდა, როგორც თავად. მამა გარდაეცვალა და ისიც კი არ აგლოვეს, ექიმებმა უთხრეს, რომ სტრესს შეიძლება ორსულობის შეწყვეტა მოყვესო და ოჯახმაც სტრესს აარიდა. ის მორწმუნე ადამიანი იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონასტერშიც იყო ერთხანს, ვიცი, რომ მონასტრის დედებმა ურჩიეს, - რახან შენი მეუღლე გარდაცვლილია, იქნებ შვილის ყოლა სხვა გზით სცადოო, მაგრამ მას საკუთარი შვილი უნდოდა. ამას ხომ ყოველთვის ცდილობდა. მაგრამ როგორც კი ამ მონასტერში გაუგიათ, რომ მედეას ბავშვი უკვე გაუჩნდა, სკოლაში დედაო გააგზავნეს, - მედეამ პატარა აუცილებლად მოიყვანოს, დავლოცავთო.
დედაო სკოლაში ზუსტად იმ დღეს მივიდა, როცა ეს უბედურება მოხდა და იქიდან გაოგნებული წავიდა. ნინის მომავალი ნათლიაც იმავე დღეს და იმავე მანქანაში გარდაიცვალა მძღოლთან ერთად; ოთხივე ერთად, წამში გათავდა... ამბის მთქმელიც არავინ დარჩა ამ მანქანიდან რა მოხდა, დაეძინა იმ დღეს საჭესთან მძღოლს თუ ცუდად გახდა. მანქანას თურქული ტრაილერი დაეჯახა. ტრაილერის მძღოლს უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ, წინ მომავალი მანქანა, ისე უცებ და მოულოდნელად გამოვარდა მოპირდაპირე გზაზე მომავალი მანქანებიდან და ისე წამში შემომივარდა საბურავებში, რომ გონზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა, ვერაფერი ვეღარ მოვასწარიო.
- მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედიაა...
- მეზობლები სრულ სოკში არიან. ის გოგონაც, რომელიც ნინის ნათლია უნდა ყოფილიყო, იმავე სადარბაზოში, იმავე სართულზე ცხოვრობს, სადაც მედეა და როგორია, ერთად ამხელა ტრაგედიის ყურება. ამ გოგონამ ორი შვილი დატოვა ობოლი...
- მძღოლიც ფოთში ცხოვრობს?
- მძღოლი თბილისელი იყო, - იმ კლინიკამ გამოუგზავნა მედეას, რომელმაც მისი ორსულობა და მშობიარობა წარმართა. რამდენიმე ადამიანმა კი ვუთხარით მედეას, - თბილისამდე დიდი გზაა, ბავშვი პატარაა და იქნებ არც ღირს მისი თბილისში წაყვანა, არ შეწუხდესო, მაგრამ თავად მას ძალიან უნდოდა წასვლა. სიხარულით ფრინავდა. ახლა კი ეს ყველაფერი ასე დასრულდა...
ეთერ ერაძე
AMBEBI.GE