"დეე, რა მომიტანე?" - თუ სახლში მისულს ეს შეკითხვა გელოდებათ...

"დეე, რა მომიტანე?" - თუ სახლში მისულს ეს შეკითხვა გელოდებათ...

- დეე, რა მომიტანე?

- რა უნდა მომეტანა?

- რა ვიცი, რამე, გასახარებელი...

საღამოს სახლში მისულს ეს დიალოგი რომ არ ამცდება, ზუსტად ვიცი. მესმის, ბატონო, რომ ცუდი ჩვევაა, ისიც ვიცი, რომ ბავშვს ყველა ახირება არ უნდა შეუსრულო, მაგრამ იმასაც ხომ ვხედავ, რა თვალებით უყურებს ჩემს ჩანთას, სანამ იქედან რამე "გასახარებელს" ამოვაძვრენ. ასე ემატება ჩემს ყოველდღიურ საშინაო თუ საგარეო საზრუნავს კიდევ ერთი საფიქრალი - "რამე გასახარებელის" მოძებნა. მოძებნას რა უნდა, საქმე ისაა, ისეთი რამე იპოვო, რომ ოჯახის ბიუჯეტს არ "ეტკინოს". ყველაზე იაფი და მარტივად ასარჩევი ტკბილ-ტკბილი სასუსნავებია, მაგრამ იმდენი უბედურება მიეწერებათ, რომ გახედვა აღარ მინდა მათკენ. ერთი პერიოდი საკანცელარიო ნივთებზე "ავეწყვეთ" - ლამაზი ბლოკნოტი, სტიკერი, ფანქრები, პლასტილინი, ფერადი ქაღალდები... მაგრამ ჩემს გოგოსაც მობეზრდა ამდენი "ხელგარჯილობა" და ჩვენც დაგვტანჯა მათი კვალის წაშლამ კედლებიდან თუ ავეჯიდან... მერე ბუშტები "აღმოვაჩინეთ" იმდენნაირი ბუშტი მივუტანე, მთელი თვე ეყო გატაცებად... ნამდვილად უხაროდა, მაგრამ უკვე მეასედ გაბერვისას რამდენიმე ცალი ზედ სახესთან გაუსკდა და გულიც გაუხეთქა... მოკლედ ბუშტებზე "გავბრაზდით". მეც მიღალატა ფანტაზიამ...

ერთი სიტყვით, 8 წლის გოგონასთვის გამუდმებით ვეძებ "გასახარებელ" ნივთებს, რომელიც სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე "იშოვება". არამარტო მე, ამაში ჩართულები არიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ალაგ-ალაგ მეზობლებიც. სხვათა შორის, ახალი გატაცება გაგვიჩნდა - "ვინქსის" საკოლექციო თოჯინები. (გოგონების დედებს ეცოდინებათ). "საბავშვო კარუსელში" ნახა რეკლამა და მას მერე ამ ფერიებზე ოცნებობს. სანამ მე ჩემი მოუცლელობის გამო გავიკითხ-გამოვიკითხე, ჩემმა მეგობარმა კიდეც გაიკითხა, კიდეც აღმოაჩინა "ბიბლუსში" და ერთი ცალი გვაჩუქა კიდეც. ლამაზად შეფუთული, ცნობილი მულტსერიალის პერსონაჟები აღმოჩნდნენ. ჩემდა გასაოცრად, ჩინური კი არა, იტალიური აღმოჩნდა და ხარისხიც ნორმალური აქვს. ერთი სიტყვით, მივუტანე... სანამ ის "ჭიჭკინა" პარკი გახსნა, თავისი დაემართა. იმ პარკიდან კი ერთი

გაპრანჭული თოჯინა ისეთი სახით ამოაძვრინა, გეგონება დიდი განძი იპოვა...

- ყოჩაღ, ნატა, (საჩუქრის ავტორი), როგორ მოიფიქრა, სად იპოვა... მერე მე მომიბრუნდა - "ფრთები შენ დაუმაგრე რა, მე არ შემიძლია, შოკში ვარ" - დაამატა ბოლოს სერიოზული სახით... მეც შოკში ვარ. როგორ ხდება, რომ ამ პლასტმასის ჭრელა-ჭრულა თოჯინებს ამხელა სიხარულის მოტანა შეუძლიათ ჩვენი შვილებისთვის. მათზე ოცნებობენ, ლოგინში იწვენენ, ესაუბრებიან... არც ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თანაც ეს "ვინქსი"თურმე მთელი კოლექციაა - 12 თოჯინა შედის. თანაც ძვირიც არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი. რა თქმა უნდა, მომდევნო თოჯინების ყიდვა უკვე გაწერილია საოჯახო ხარჯებში. თუ ჩემს დღეში ხართ და "რა მომიტანეს" პასუხად რაიმე გასახარებელს ეძებთ, სცადეთ ეს ვარიანტი...

mshoblebi

mshoblebi

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს