სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 48.2%-სა და 50.0%-ს შორის მერყეობს, "ნაციონალური მოძრაობის" - 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.
ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. "სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ სრულად მიიღო ინფორმაცია PVT უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, "სამართლიან არჩევნებს" არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.