ბოლო განახლება: 13:00 საათი
ცესკო წინასწარ მონაცემებს უკვე აქვეყნებს. გთავაზობთ ამ დროის მონაცემებით, დათვლილი ხმების მიხედვით პირველად მონაცემებს თბილისის სხვადასხვა ოლქიდან:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში 44,4%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მეორე ადგილს, 26,9%-ით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკოლოზ რურუა იკავებს.
აღნიშნული შედეგების შენარჩუნების შემთხვევაში, მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ამ დროისთვის მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის 31 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები.
საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში, სადაც ამ დროისთვის 31 უბნიდან 28-ის მონაცემებია დათვლილი, "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა მდინარაძე 52.32%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ჯარჯი დოლიძეა 20.34%-ით. თუკი არჩევნები აღნიშნულ ოლქში ამ შედეგით დასრულდება, ამ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური მე-4 ოლქში არ გაიმართება, ვინაიდან მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50 %-იან ბარიერს ლახავს.
საბურთალოს მე-5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო გოგუაძე 50.84%-ით ლიდერობს. აღიშნულ ოლქში 33 უბნიდან ამ დროისთვის 17-ის მონაცემებია დათვლილი. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი როინიშვილი იკავებს 19,36%-ით. მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილზეა "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი დავით ონოფრიშვილი 10,22%-ით. ამომრჩეველთა ხმების 5.84%-ის მოგროვება შეძლო "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა, "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა ზაზა მამალაძემ კი 5,37 % მიიღო.
რაც შეეხება საბურთალოს მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგებს, 32 უბნიდან ცესკომ ამ დროისთვის 13 უბნის შედეგები დათვალა და პირველადი წინასწარი მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 45.92%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სევდია უგრეხელიძე იკავებს 16.98%-ით, მესამე ადგილზეა "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი 11.06%-ით.
ასევე წაიკითხეთ: ცესკოს პირველადი მონაცემები მაჟორიტარებზე - რომელი კანდიდატები ლიდერობენ რეგიონებში
სამგორის რაიონში, ყველა ოლქში ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ტურია მოსალოდნელი. სამგორში, 13-ესაარჩევნო ოლქში, 37 უბნიდან ამ დროისთვის 2 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა შოთა ხაბარელმა ამომრჩეველთა ხმების 38.97%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ 24,58%, "შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა ჯუმბერ გოგრიჭიანმა კი 20.06% მიიღო.
სამგორის 12-ე საარჩევნო ოლქში, 34 უბნიდან დათვლილია 3 უბანი, რომლის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, მარიამ ჯაში 34.22%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დათო ჟღენტი 27.8%-ით იკავებს, მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვლი 15.82%-ით.
რაც შეეხება სამგორის 11-ე საარჩევნო ოლქს, აქ 39 უბნიდან 8 უბანია დათვლილი, რომლის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე 48.59%-ით იმარჯვებს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ირაკლი ნადირაძე კი მეორე ადგილზეა ამომრჩევლის 25.91%-იანი მხარდაჭერით.
დიდუბის #15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა ხმათა 47,41% დააგროვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ნაფეტვარიძემ - 19,45%.
ხმათა 11,22% დააგროვა "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, ხოლო 4,48% - "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ. მე-15 მაჟორიტარულ ოლქში არსებული 34 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 16 უბანი.
ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, ჩუღურეთში, #14-ე საარჩევნო ოლქში, 32-დან 30 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად "ქართული ოცნების" მაჟორირტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი ლიდერობს. მან ხმათა 57.31% მოაგროვა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ირაკლი ჩოლოყაშვილს, მას ამომრჩეველთა ხმების 23.71% ერგო და ჩუღურეთში, 14-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ადგილს იკავებს.
თუკი ამ შემთხვევაში არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთივე იქნება, #14-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება, ვინაიდან გიორგი ვოლსკის მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესებული 50%-იან ბარიერი გადალახული ექნება.
კრწანისის ნომერ მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 28 უბნის დათვლის შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატი ბექა ოდიშარია 47.47%-ით ლიდერობს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ კი ხმათა 29.39% მიიღო.
მესამე ადგილზე კი 8.03%-ით "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" მჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.
ამ დროისთვის კრწანისის ნომერ მე-7 მაჟორიტარულ ოლქში, 36 უბნიდან 28 უბნის მონაცემებია დათვლილი. თუკი საბოლოო შედეგები ასეთივე დარჩება, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება, რადგან ვერც ერთი კანდიდატი, მაჟორიტარულ არჩევნებზე დაწესებულ 50%-იან ბარიერს ვერ ლახავს.
გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობიაშვილი ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 34 უბნიდან დათვლილია 32 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა 49.1%, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო რატიანმა 30.49% მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენი პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებს, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ ამომრჩეველთა ხმების 6.7%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა 6.34%, "ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კაიშაურმა 4.77% მიიღეს.
გლდანის 22-ე მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უბნების შედეგების დათვლა დაასრულა. 36 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ამომრჩეველთა ხმების 44.8%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ 25.65%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კუკავამ 9.43 % მიიღო.
რაც შეეხება გლდანის მე-20 მაჟორიტარულ ოლქს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ შემთხვევაშიც ყველა - 36-ვე უბნის მონაცემები დათვალა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა კობალაძემ 40.52%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ჩაფიჩაძემ 24.18%, "თოფაძე - მრეწეველების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯემალ გახოკიძემ კი 8.46% მიიღეს.