ჩვენი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ის "არჩევნების სავარაუდო შედეგებზე" კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს დაელოდება.
ამასთან, უსუფაშვილმა საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ ოქმებში ხმების ადეკვატურად ასახვა მოახდინონ.
"პირველ რიგში, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიან დილას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღამეა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3 700-მდე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ საქმით დაკავებულია კომისიის ათასობით წევრი, დამკვირვებელი და მე მინდა პირველ რიგში მათ მივმართო - ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად იყოს ასახული არჩევნების შედეგებში ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს: დაითვალონ ყველა ბიულეტენი, შეჯამდეს შედეგები, შედგეს ოქმები და ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მივიღოთ შეჯამებული შედეგები. ამ მომენტამდე მე, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ეგზიტპოლები, სხვა ყველა მოვლენა, ეს შესაძლოა არის საინტერესო იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა ტენდენციებია, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისგან გვექნება მონაცემები. ამიტომ დღეს მე არ და ვერ გავაკეთებ ვერანაირ პოლიტიკურ შეფასებებს იმაზე, ვინ არის პარლამენტში, რა კომპოზიციის იქნება მომავალი საკანონმდებლო ორგანო, რის გამო ხდება ის, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში ან ვიღაცა არ შედის ან როგორ წარიმართა საარჩევნო კამპანია, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ხვალ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის შეფასებით, დღეს მთავარი ამოცანა ხმების დაცვაა.
"დღეს მინდა შევეხო მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და კიდევ ერთხელ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პარტიას ვთხოვო , რომ საარჩევნო საკითხებში დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა - დავიცვათ თითოეული ხმა. მე მინდა მივმართო "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, დავიცვათ ყველა ხმა თანაბრად, "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებული ხმები და ასევე სხვების მიერ მიღებული ხმები. ჩვენი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები, მაგრამ მე ამით არ ვაპირებ ახლა სპეკულაციას, დაველოდებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, მანამდე კი ამოცანაა ის, რომ ყველა ბიულეტები დაითვალოს სათანადოდ. თუ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ სადმე რაიმე მოხდა, ან შეიძლება ხდებოდეს ამ წუთში, ეს უნდა აღიკვეთოს. დღეს მნიშვნელოვანია ხმების დაცვა. ხმების ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმებში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.