შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.
უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.
ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
ფოტო: რადიო მარნეული