საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
საარჩევნო პროცესი რამდენიმე საათის დაწყებულია და რეგიონებში უკვე დაფიქსირდა მცირე დაღვევები და კურიოზული ფაქტებიც. მაგალითად, გორის #22 უბანზე ნამდვილი ბუ შეფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. საეჭვოა, ფრინველი ხმის მისაცემად მისულიყო უბანზე - მან ტუალეტის ტერიტორია დაიკავა და რომ არა კომისიის წევრები, საკმაოდ მყუდროდ გრძნობდა იქ თავს (ფოტო: ლადო ბიჭაშვილი)
ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც უბნის თავმჯდომარე მაია ბლადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რის გამოც პატრული გამოიძახა. "დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია", - აღნიშნა მაია ბლადაძემ.
ფოთის #61 მაჟორიტარულ ოლქში მცირე ექსცესს ჰქონდა ადგილი. მერვე საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. საუბნო კომისიის ინფორმაციით, ჩაიკეტა იმ ოთახის რკინის კარი, სადაც ბიულეტენები იყო შენახული. ამ პრობლემის გამო, უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "ის, რომ მერვე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, ტექნიკური ხარვეზით მოხდა და ამას დარღვევასაც ვერ დავარქმევ", - განაცხადა როდონაიამ.
ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მიიღეს. როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ელგუჯა სულაქველიძემ განმარტა, ზედმეტი ბეჭედი ამ დროისთვის დალუქულია და მას საღამოს #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუბრუნებენ. "სულ გვჭირდებოდა ოთხი სარეგისტრაციო ბეჭედი და ერთით მეტი მოგვივიდა. დავლუქეთ და საღამოს ოლქს ჩავაბარებთ. სხვა მეტი არანაირი ხარვეზი არ არის. ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურად მოდიან", - განაცხადა სულაქველიძემ.
ზუგდიდის მე-18 უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიან. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვლმა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მინდა ერთი მოწოდება გავაკეთო. ზუგდიდის მე-18 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან მუშაობაში. მინდა მოვუწოდო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას, რომ ასეთი მოქმედება არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და მოვუწოდებ მას, რომ მისცენ ჩვენს დამკვირვებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ბოლნისის #23 საარჩევნო ოლქში, სოფელ ტალავერში საარჩევნო უბანზე ფულის გაცემის ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ პარტია "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, სამირა ისმაილოვას წარმომადგენლები, მის მხარდასაჭერად ამომრჩეველს გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ", - აცხადებენ პარტიაში. "ქართულმა ოცნებამ" ფულის გადაცემის ფაქტი ზესტაფონშიც დააფიქსირა.
ფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე სამი საჩივარი ერთდროულად დაიწერა. დამკვირებლების განმარტებით, ხანდაზმულ ამომრჩეველს, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და არჩევანის გაკეთებაში დახმარება სჭირდებოდა, ერთ-ერთი ამომრჩეველი კაბინაში შეჰყვა. კენჭისყრის პროცესში აღმოჩნდა, რომ ერთ კონვერტში სამი ბიულეტენი იყო. მეორე საჩივარი ბიულეტენების რაოდენობას შეხება.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენების თავფურცელზე არასწორად იყო მითითებული ბიულეტენთა რაოდენობა,რაზეს ასევე საჩივარი დაიწერა.რაც შეეხება ამ უბანში დაწერილ მესამე საჩივარს, როგორც უბანზე განმარტავენ, დევნილი ამომრჩეველს, რომელიც ხმას ამ უბანზე აძლევდა ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" ინფორმაციით, 13:00 საათისთვის, დამკვირებლების მიერ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;
"რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროული ყოფნა. (ბოლნისში, ახალქალაქში და ახალციხეში). ოთხ უბანზე (ბათუმი 69.73 ოლქის მე-8 უბანი, კრწანისი 07.04 ოლქის მე-18 უბანზე, ქუთაისი 49.48 ოლქის 55-ე უბანზე, გორი 41.32 ოლქის 22-ე უბანზე) ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი თავდაპირველად არ შეუშვეს, თუმცა ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ხონის 54.55. საარჩევნო ოლქის 28-ე უბანზე ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ნომრებს; ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აფორმებდა საჩივარს. მასიურად ვხვდებით იგივე პრობლემებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბევრ უბანზე; რუსთავის 30.20. ოლქის 30-ე და მარნეულის 35.22. ოლქის 72-ე უბნებზე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა; შიდა ქართლში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში (ქარელი 40.33 ოლქის მე-13 უბანი)" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მონაცემებში.
ბოლნისის 33-ე ოლქში, სოფელ ძველი ქვეშის მე-20 უბანზე, კომისიის წევრებმა საარჩევნო დოკუმენტაციაზე სუფრა გაშალეს, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებს. მათი ინფორმაციით, ბოლნისის 33-ე ოლქში, სოფელ ძველი ქვეშის მე-20 უბანზე, შუადღისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის მისვლისას აღმოჩნდა, რომ უბანი დროებით დახურული იყო და ამომრჩევლები დერეფანში ელოდებოდნენ, როდის გაიხსნებოდა.
მათივე ცნობით, უბნის დახურვის მიზეზად კომისიის წევრებმა სადილის დრო დაასახელეს. მობილური ჯგუფის ცნობით, კომისიის წევრებს დოკუმენტებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც დოკუმენტების ნაწილს წყალი გადაასხეს და შემდეგ გაშრობას ცდილობდნენ.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016