ჰაიტიზე ქარიშხალ "მეთიუს" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. "ბიბისი"-ს ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან მაშველებს ქვეყნის განაპირა რეგიონებში მუშაობა არ დაუწყიათ.
ქვეყანაში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ჯერ კიდევ გუშინ, ქვეყნის ხელისუფლება 23 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ საუბრობდა, დღეს მათი რაოდენობა 283-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" წყაროს მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 339-ია.
სტიქიას ამერიკის შტატ ფლორიდაშიც ელოდებიან. საცხოვრებელი სახლები უკვე მილიონობით ადამიანმა დატოვა.