მე რომ თბილისის მერი ვიყო... - რას შეცვლიდნენ ცნობილი ადამიანები დედაქალაქში

მე რომ თბილისის მერი ვიყო... - რას შეცვლიდნენ ცნობილი ადამიანები დედაქალაქში

ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქს თავისი პრობლემა აქვს, თუმცა თბილისს პრობლემები საკმარისზე მეტად დაუგროვდა, რაზეც მოქალაქეები ხშირად საუბრობენ, გვწერენ... საზოგადოებას განსაკუთრებით აწუხებს საცობი, დაბინძურებული ჰაერი, პარკირებისა თუ უგემოვნო მშენებლობების საკითხები, მწვანე საფარის სიმცირე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობა, რაც ჯამში პრობლემათა დიდ ჯაჭვს ქმნის...

AMBEBI.GE ქალაქის პრობლემებზე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს გაესაუბრა. მათ ვთხოვეთ, პასუხი კითხვაზე: რას შევცვლიდი თბილისში ქალაქის მერი რომ ვიყო?

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი: "უპირველესად, უწყებების დეცენტრალიზაციას მოვახდენდი, ანუ ქალაქის ცენტრში არსებულ სახელმწიფო სამსახურებს, უწყებებს ქალაქის შემოგარენში გადავიტანდი, რითაც განვტვირთავდი საცობებს. წარმოიდგინეთ, სააკაძის მოედანი, ქალაქის მერია, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს, უმრავლესობას მანქანა აქვს, ამის გარდა, იქაურობა ქალაქის ცენტრია და რამდენი ავტომობილი იყრის თავს. ამ ყველაფრისა და სააკაძეზე არსებული შუქნიშნების ფონზე იქ პიკი საათებში ნამდვილი საშინელება ტრიალებს, - ამიტომ იმ ტერიტორიაზე მერიის შენობა რომ არ იყოს, საცობი გაიწოვებოდა.

სერიოზულად ვიმუშავებდი ავტოსადგომების საკითხზე, რომ პარკირების პრობლემა მომეგვარებინა. სიმახინჯეა, როცა მანქანას ტროტუარზე აჩერებენ, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ისე აგვიანდებოდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეზე გარბოდეს, რომ ავტომობილი ტროტუარზე დააყენოს. მოკლედ, ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, მრავალსართულიანი პარკინგები უნდა იყოს. ამიტომ მაღალსართულიანი საშინელი კორპუსების ასაშენებლად, არ გავცემდი ნებართვას და პარკინგებს გავაკეთებდი.

ასევე ყველაფერს ვიზამდი იმისთვის, რომ ქალაქის მთავარი სიმახინჯე (თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმრო) არ აშენებულიყო. გასაგებია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინება, მაგრამ მე-5 საუკუნეში დაარსებული ქალაქი ასე დაამახინჯო და ცენტრში კორექტულად რომ ვთქვა, გაურკვეველი ფორმის ნაგებობა აღამართინო, დანაშაულია... ვისურვებდი და ვიზრუნებდი იმაზე, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული ადგილი ყოფილიყო და ასეთ მოთხოვნებს სიამოვნებით შევუერთდებოდი. გული მწყდება "მზიურის" ქვედა ნაწილზე, რომელიც პარქტიკულად, ნაცრისფერი და ტალახისფერია. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან საკმარისი დრო გავიდა, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო'.

ქალაქის მერი რომ ვიყო, კვირაში ერთი დღე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაცვის გარეშე ვიმგზავრებდი, რადგანაც როცა მმართველ რგოლში ხარ, გინდა, არ გინდა, მოქალაქეებთან კავშირს კარგავ, გარშემომყოფები კი გეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც გინდა. ხშირ შემთხვევაში, ხალხის პრობლემები იმალება... ამიტომ, თუ მერი ვიქნებოდი, ვისურვებდი, რომ ყველაზე სახალხო ტიპი ვყოფილიყავი, მაგალითად, ისეთი, დანიაში, ან შვედეთში სამსახურში ველოსპედით რომ დადის... ამ დღეებში ახალი ავტობუსების რეკლამას რომ ვხედავ, ვერ ვხვდები, რა უკვირთ, - ეს ავტობუსები დიდი ხნის წინ უნდა შემოეყვანათ. ისე არეკლამებენ, გეგონება, ახალი წელი მოდიოდეს, ან სადღაც პაკისტანში ვიყოთ და ამ ყველაფერს ერი ტაშს უნდა უკრავდეს''.

ია ანთაძე, მედიაექსპერტი: "დიდი რაოდენობით საჯარო სივრცეს და მწვანე საფარს გავაკეთებდი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელად, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, შეგვეძლოს სუფთა ჰაერზე დასვენება და გვქონდეს ისეთი სივრცე, სადაც ერთმანეთს შევხდებით არა სუფრასთან, არამედ სწორედ ღია ცისქვეშ, სიმწვანეში. ბევრად მშვიდი და ბევრად კარგი ცხოვრება გვექნებოდა, ჩვენი ქალაქი რომ ამაზე იყოს აწყობილი და ორიენტირებული.

ვიცი, გარედან ლაპარაკი ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მერი არ ხარ და უამრავი ვალდებულება გაქვს, მაგრამ რომ ვიყო და რამე რომ მეკითხებოდეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვეცდებოდი, ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა, - ბევრ პარკს გავაშენებდი ქალაქში, მწვანე მოლს შევქმნიდი, რომ სიმწვანე მეტად ყოფილიყო და ის დაპირებული ხეებიც რეალურად დარგული ყოფილიყო.

პრობლემა ბევრია, - პარკირება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება, მაგრამ ყველაზე არ შევჩერდები... ბევრჯერ ვყოფილვარ უცხოეთში და მინახავს, რომ სხვადასხვანაირად არის ეს პრობლემები გადაჭრილი, განსაკუთრებით, საცობის საკითხი. ზოგან შუქნიშნებით, ზოგან სხვა რეგულაციებით, ვთქვათ, ყოველდღე ყველა მანქანა არ გამოდის, ზოგან პრობლემას ველოსიპედებით და მოტოციკლებით აგვარებენ. ან მთავრობა არ დაბრძანდება ჯავშნიანი მანქანებით, რა ვიცი, ეს ყველაფერი მათი კულტურიდან გამომდინარე სხვადასხვანაირადაა, ათასნაირი გზა აქვთ. 

ჯერჯერობით პრობლემა იმით გადაიჭრა, რომ ტროტუარებზე მანქანის დასადგომი ადგილები დახაზეს. რის შემდეგაც პირადად მქონდა შემთხვევა, როცა ტროტუარზე პირდაპირ ფეხებთან მომადგა მანქანა პიპინით, - ასეთი დამოკიდებულება ადამინებისთვის საშიშია, რადგანაც გგონია, რომ უკვე ბორბლების ქვეშ ხარ... შეიძლება ერთ თვეში ვერ გადაჭრან, მაგრამ მცდელობა უნდა ჰქონდეთ, რომ ადარდებთ ეს მძიმე მდგომარეობა...

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი: "მე რომ მერი ვიყო, ქალაქს ქვეითებისთვის კომფორტულს გავხდიდი, - ველოსიპედებისთვის დიდ ინფრასტრუქტურას (სადგურებს) შევქმნიდი, წავახალისებდი როგორც ველოსიპედიანებს, ასევე არაველოსიპედიანებს, რომ შეეძინათ ეს ტრანსპორტი, რათა, ჰქონოდათ განცდა, რომ მანქნანების ნაცვლად, ველოსიპედით ევლოთ და ეს იქნებოდა უსაფრთხო და თან, მოსახერხებელი, ადვილი საშუალება. ისიც მგონია, რომ ამ ტრანსპორტს არავინ მოიპარავდა და დააზიანებდა, თუმცა ველოსადგურებთან კამერებიც უნდა დამონტაჟდეს...

შევცვლიდი საფეხმავლო ხიდებს, უფრო თანამედროვეს გავხდიდი და ლამაზ იერ-სახეს შევძენდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის ადაპტირებულს ყოფილიყო. ეს ხიდები არა მარტო შშმ პირებისთვის, ეტლით მოსარგებლე პატარა ბავშვებისთვისაც მოუხერხებელია... ქალაქს პარკირებისთვის ავტოსადგომებით წავახალისებდი (დედაქალაქს 10 დიდი ავტოსადგომი მაინც სჭირდება). მანქანებს გავიყვანდი ქვეითების სავალი ნაწილებიდან, ტროტუარებიდან. საცობების ერთ-ერთი წამალი ალბათ ეს არის. როდესაც ორმა ზოლმა უნდა გაიაროს და ერთზე მანქანებია "სითი პარკის" მიერ გაჩერებული, ქუჩა ვიწროვდება, მოძრაობა ნელდება. ძალიან მნიშვნელოვნია, ბევრი საფეხოსნო ქუჩის დამატება და ამას შევეცდებოდი''.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: "თბილისში რაღაც უბნები გარეგნულად მომწონს, კარგი გაკეთებულია, მომწონს ასევე ძველი თბილისი, თუნდაც რესტავრირებული პლეხანოვი... მე რომ მერი ვიყო, ვიზრუნებდი, მთელი თბილისი ისე მომეწყო, რომ პატარა, ლამაზი და საყვარელი ქალაქი ყოფილიყო. გული მწყდება, რომ ძველ უბნებში (ვერა, სოლოლაკი) ქალაქის არქიტექტურიდან ამოვარდნილ, მახინჯ კორპუსებს ვხედავ. ბევრი უშნო, უგემოვნო შენობა დგას. ახლის აშენება რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ გემოვნებიანი უნდა იყოს და ისეთი, რომ ქალაქის არქიტექტურული სტილი არ დაირღვეს. ამას ყურადღებას სერიოზულად მივაქცევდი.

ევროპის ბევრ ქვეყანასა და ქალაქში ვარ ნამყოფი, სადაც არქიტექტურას ვაკვირდები და ვხედავ, რომ მას ყველგან იცავენ, რაც მნიშვნელოვანია. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეს უფლება, აივნები, კორპუსის კედლები სხვადასხვაფრად შეღებონ. ქალაქის იერ-სახის დამახინჯება 90-იან წლებში დაიწყო, როცა თუნდაც თბილისში ლოჯიების მიშენებას თვითნებურად შეუდგნენ... ასევე ყველას დავავალდებულებდი, საკუთარი აივანი თუ ფანჯარა გამწვანებული ჰქონოდა, მცენარეებით დაეტვირთა. გული მწყდება, რომ ჩვენს ქალაქში ამის დეფიციტია.

ბავშვებისთვის ბევრ პარკს გავაკეთებდი, ცუდად ვხდები, როცა დედებს ეტლში ჩასმული პატარები სასეირნოდ ქალაქის ბუღში გამოჰყავთ. არ ვიცი, ეს მერიას ეხება თუ არა, მოვითხოვდი მანქანების ტექდათვალიერებას. მეგობარი თურქეთის ჰოსპიტალში მუშაობს და მისგან ვიცი: ონკოდაავადებებით საქართველოდან უამრავი პაციენტი ჩადის, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. ამდენი მანქანის გამონაბოლქვი დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს... გავანადგურებდი კატალიზატორების ბიზნესს, ვიცი, რომ მანქანები ჩამოაქვთ და ვიღაცები კატალიზატორებს ხსნიან და ცალკე ყიდიან. ფაქტობრივად, ეგენი გვღუპავენ, გვახრჩობენ და გვწამლავენ. მერე იმდენი მანქანა მოძრაობს თბილისში, რომ უკვე ვეღარ ვეტევით და ძალაუნებურად ავტომობილის გაჩერება უადგილოდ გიწევს, რადგანაც გეჩქარება, მაგრამ გამოდიხარ და იქ აღარ გხვდება...

უფრო ბევრი პარკირების ზონა უნდა არსებობდეს და ყველა კორპუსს, თავისი საპარკინგო ჰქონდეს. დავაწესებდი უმანქანო დღეებს, რაც შეიძლება მეტ საფეხმავლო ქუჩას გავხსნიდი. რა მოხდება რომ აგვირჩიონ, რამდენ რამეს გავაკეთებდით. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მერი ვიქნებოდი, მაგრამ პრეზიდენტობის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტს შევეცდებოდი''.

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი: "პირველ რიგში შევქმნიდი პროფესიონალებისგან შემდგარ საბჭოს, რომელიც ქალაქის იერსახის, არქიტექტურის დაცვაზე იმუშავებდა. ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. ევროპა მოვლილი მაქვს და ასეთი აჭრილი არქიტექტურა არსად მინახავს, ყველგან რაღაც ერთ სტილს მიჰყვებიან. გავაკეთებდი იმას, რომ არ გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა ვიღაც პერსონალიების გემოვნების მიხედვით.

აუცილებლად გამწვანებას მივხედავდი, - ეს რა ჩვევა ჩამოუყალიბდათ ფულიანებს, პირდაპირ პარკებში რომ სახლდებიან? თან, ყველა ფულიანს რომ ასეთი სურვილი უჩნდება, - საოცრებაა (ამ ყველაფერს ფეოდალური სუნი ასდის). იმის ნაცვლად, რომ ქალაქის გამწვანებაში შეიტანონ წვლილი, ამას არც ერთი ფიქრობს...  გამონაბოლქვს სერიოზულ ყურადღებას მივაქცევდი. ხომ ხედავთ, საცობი უკანა რიგებში გადავიტანე, რადგანაც მსოფლიო დონის პრობლემაა, - თუმცა ამ მიმართულებითაც ვიმუშავებდი, უმანქანო დღეებს შემოვიღებდი, ხოლო რაც შეეხება დაბინძურებას, ერთ-ერთი უპირველესია, რადგანაც პირდაპირ საწამლავს ვსუნთქვათ. ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს დონეზე უნდა გადაწყდეს, რომ ქალაქის მერიამ გამონაბოლქვზე სერიოზულად იზრუნოს''...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება