შინაგან საქმეთა სამინისტრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
"შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი: საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები.
დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.