შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე უფრო ნათელი წარმოდგენა ექსპერტიზის პასუხების შემდეგ იქნება.
როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"გუშინ ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საკმაოდ გვიანობამდე მუშაობდნენ. ამოღებულია საგამოძიებო ჯგუფების მიერ ყველა ვიდეოჩანაწერი შემთხვევის ადგილზე. ასევე მიმდინარეობს გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, ასევე პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ჩერდებოდა ბატონი გივის ავტომობილი და არსებული კამერების სრულად გაანალიზება. ამ მიმართულებით მუშაობენ ჩვენი გამომძიებლები.
მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერ მოგახსენებთ გამოძიებასთან მიმართებაში, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კვალიფიკაცია იგივეა", - განაცხადა ხუციშვილმა.
გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.