ხელისუფლება აცნობიერებს არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და მიდის ყველანაირ პროვოკაციაზე, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას.
როგორც კახიძე აცხადებს, ხელისუფლება აგონიაშია და "ყველანაირ სისაძაგლეზე მიდის".
"ეს არის ხელისუფლების აგონია. ისინი აცნობიერებენ არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და მიდიან ყველანაირ სისაძაგლესა და პროვოკაციაზე. ძალადობრივი ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში - ძალადობა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე, სროლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე და ახლა უკვე აფეთქება დეპუტატის მანქანის... ეს ვერ უშველის ამ ხელისუფლებას და 8 ოქტომბერს ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს, მოვხსნით ქვეყანაში ამ ძალადობრივ ფონს და წავიყვანთ საქართველოს წინ ახალი ენერგიით", - აცხადებს კახიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. მათივე მტკიცებით, ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მძღოლი.