პალმის ზეთის გამოყენება დაბალი ფასის გამო აქტიურად ხდება საკვებ ინდუსტრიაში, კოსმეტიკასა და ბიოსაწვავში.
პალმის ზეთს ასევე ხშირად იყენებენ რძის პროდუქტების მწარმოებლები და კონდიტერები, რომ თავიანთი პროდუქცია გააიაფონ. ის შედის უამრავ პროდუქტში, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მიირთმევენ: ჩიფსებში, ყველა ბავშვისთვის საყვარელ "ნუთელაში", ზოგიერთ ნაყინში, შოკოლადის ბატონებში, მარგარინში, მაიონეზში და ხშირად ქარხნულ პურშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთს ბევრი დადებითი თვისება აქვს - კარგად ინახება, კარგად იტანს თერმულ დამუშავებას და საკვებს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მისი ხანგრძლივი მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დალი წულაიამ განაცხადა, ქართულ ბაზარზე ამ მხრივ გაურკვეველი სიტუაციაა, რადგან არ კონტროლდება რა რაოდენობის და შემადგენლობის პალმის ზეთს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის უცხო პროდუქტია და ადამიანის ორგანიზმს უჭირს მისი გადამუშავება, გაწმენდილი და რაფინირებული პალმის ზეთი საშიში არ არის. კვების პროდუქტებში სწორედ რაფინირებული პალმის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა ზეჟანგური რიცხვი. ეს მაჩვენებელი ყველა ზეთს ახასიათებს და გვაჩვენებს, თუ რამდენად საზიანოა ესა თუ ის ზეთი. ზეჟანგური რიცხვი მიუთითებს რა დონეზეა პროდუქტში თავისუფალი რადიკალების რაოდენობა. პალმის ზეთს ეს მაჩვენებელი ისედაც მაღალი აქვს და როდესაც ზეჟანგური რიცხვი მაღალია, მაშინ პროდუქციაში ადვილად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც კარცენოგენურია და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შედიოდეს სტანდარტში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. პალმის ზეთი, რომელიც რუსეთში იყიდებოდა, არ ჯდებოდა ნორმებში, სწორედ ამან გამოიწვია პროტესტის ტალღა საზოგადოებაში. სამწუხარო ის არის, რომ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი შემოდის, რომელიც არ კონტროლდება", - აღნიშნავს დალი წულაია.