"რამდენიმე წელია, აქ ვცხოვრობთ, კოტეჯის ტიპის სახლში. ვიდრე მეუღლე ცოცხალი მყავდა, არაფერი გვიჭირდა, - მე ვმუშაობდი, ის ბავშვებთან იყო და როგორღაც გაგვქონდა თავი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ბავშვებს სახლში მარტოებს ვერ ვტოვებ. უფროსი გოგონა კი მეხმარება, მაგრამ ისიც ბავშვია და მეცოდება. ისედაც, დიდი ქალივით შრომობს", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში, 7 შვილთან ერთად ცხოვრობს. მას მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა: მაშინ უფროსი ქალიშვილი 11 წლის იყო, ყველაზე უმცროსი - ლიზი კი 5 თვის...
შენობა, რომელშიც ოჯახი აფარებს თავს, მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. ბატონ რუსლანს არსებული ფართობის დაკანონება ან "სოფლის სახლის" პროექტის ფარგლებში, კერძო სახლის საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა შესთავაზეს. გაუხარდათ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ კასპის რაიონში, ერთ-ერთი გარემონტებული კორპუსის ბინაზე იყო ლაპარაკი და ოჯახმა უარი განაცხადა: "მუდმივი სამუშაო არ მაქვს, იქ კი შვილებისთვის რა მეჭმია? აქ მცირედი მიწის ნაკვეთი მაინც მაქვს, სადაც ბოსტნეული მოგვყავს მე და ჩემს შვილებს. რამდენიმე ძირი ხეც დავრგეთ, ბავშვებმა ხილით პირი რომ გაისველონ..."
თავის გატანას როგორღაც ახერხებენ. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც უსახსრობის გამო, ბავშვები სკოლაში ვერ წავიდნენ... 7 შვილის მამა წუხს, რომ პატარებს ცხოვრების ნორმალურ პირობებს ვერ უქმნის. მისი ერთადერთი ოცნება სამსახურის შოვნაა, რათა შვილებს მძიმე ყოველდღიურობა შეუმსუბუქოს...
- ძალიან მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ მიდიან სხვა ბავშვები სკოლაში, ჩემები კი შინ სხედან და ფანჯრიდან უყურებენ გზაზე ჟივილ-ხივილით მიმავალ პატარებს... ღმერთმა ყველას ჯანმრთელი უმყოფოს შვილი. არავისი არაფერი მშურს, მაგრამ მათ ფონზე, ჩემი შვილები ბევრად საცოდავები ჩანან. რამდენჯერმე გავედი სამუშაოდ: ხან მშენებლობაზე, ხანაც მტვირთავად, მაგრამ ახლომახლო მსგავსი სამუშაო იშვიათად ჩნდება, შორს კი ვერსად წავალ, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ.
- კასპში საცხოვრებლად წასვლაზე უარი გითქვამთ. ამჟამინდელი საცხოვრებელი მაინც თუ დაიმტკიცეთ?
- განცხადება შევიტანე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია... თუ ღმერთმა ინება და დაგვიმტკიცეს, მუდმივი თავშესაფარი მაინც მექნება.
- აფხაზეთში სად ცხოვრობდით?
- ოჩამჩირის რაიონის სოფელ ქოჩარიდან ვარ. ოცნებად მაქვს, ის სამოთხე ჩემმა შვილებმა ოდესმე მაინც ნახონ. მათ იქაურობაზე ისე ვუყვები, როგორც ზღაპრულ სამყაროზე და გაფართოებული თვალებით მისმენენ ხოლმე... განაგრძეთ კითხვა