დიდინეძში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები ზუგდიდის სამმართველოსთან იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანი კახა ქირია კი დაკითხვაზეა შესული.
"ნაციონალური მოძრაობის" დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა, რომელიც ერთხელ უკვე დაკითხეს, დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.
"მეორედ დაკითხვაზე რატომ დამიბარეს, ჩემთვის უცნობია. მე ვიყავი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება, როგორც იყო, დღეს ისევ დაბარებული ვარ და ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი. საღამოს, როცა სახლში გადავაადგილდებოდი ჩემი პირადი მანქანით, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ სადღაც 8-10 ახალგაზრდა იდგა ჩემს სავალ ნაწილზე. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, არც მე დავეღუპე და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მითხრეს, რომ კარგად იცოდნენ მოძრაობის წესები და მომვარდნენ მანქანაში. მანქანას წიხლები ურტყეს. მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს. გავექეცი ამათ. წავედი ჩემი სახლისკენ, რომელიც სადღაც ას მეტრში იყო. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაში მელოდებოდა ჩემი ფეხმძიმე მეუღლე პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეცადე დამეცვა ჩემი ოჯახი. მომვარდნენ, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ეს გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი. მერე წავედი სახლისკენ. დავტოვე ესენი. შეიკრიბა სადღაც ასი კაცი, მეზობლები, უცნობები მანქანებით. ქვებს გვიშენდნენ, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი მომხვდა. ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს. დაზიანებულია ჩემი მანქანა, დაზიანებულია ჩემი ნათესავის მანქანაც. ორივე არის დამტვრეული. მე ვიყავი ექსპერტიზაზე. დაჟეჟილობები მაქვს ტანზე", - განაცხადა კუკავამ.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით კი, 1-ელ ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მათი ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი სცემეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.