ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი, მათზე უნდა იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული მთლიანად სისტემა, განათლების სამინისტრო და მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც სიტყვით, ისე საქმით და დაფინანსებით განათლება გახდება ერთ-ერთ უმთავრესი პრიოტეტი. "ჩვენ 4 წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ გარდა იმისა, განათლების ხარისხი აგვეწია და როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა უპირველეს პრიოტეტად, ასევე მიზნად დავისახეთ პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ყველაფერ ამაზე საუბარი.
ჩვენ დაფინანსება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. მარტო ზოგადი განათლების მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ 348 მილიონი ლარით გაიზარდა სკოლების დაფინანსება. დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს ამ მიმართულებით 572 მილიონი ლარი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგების ხელფასები გაიზარდა და კიდევ იზრდება. 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას.
ჩვენ მოსწავლეთა სახელმძღვანელობის უფასო უზურნველყოფა შემოვიღეთ. აღვადგინეთ ტრანსპორტირება სოფლად, სადაც ფეხით უწევდათ რამდენიმე კილომეტრის გავლა პედაგოგებს და მოსწავლეებს. ამის შედეგად, ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, დღეს კი 95%-ს ზევით არის გაზრდილი საშუალო სკოლებში დასწრება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვყავდა უამრავი ბავშვი, რომლებიც ვერ იღებდნენ განათლებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.