აფხაზეთი, ერთმანეთს გადამტერებული დედების საერთო ტრაგედია და ატირებული დარბაზი - "ბამბაზიის სამოთხე" ბაჩო მარკოზაშვილისგან

აფხაზეთი, ერთმანეთს გადამტერებული დედების საერთო ტრაგედია და ატირებული დარბაზი - "ბამბაზიის სამოთხე" ბაჩო მარკოზაშვილისგან

"თავიდან ყოველთვის რთულია, სანამ ბურუსით მოცული სამყაროდან გამოვალთ, შემდეგ სინათლე შემოდის და ძალიან ახლობელი ხდება ყველაფერი, მოგვიანებით კი სიღრმეებში ხეტიალიც საინტერესოა, რათა სახეები კარგად გამოჩნდეს", - ეს იმ სპექტაკლის რეჟისორია, რომელმაც სავსე დარბაზი ატირა, თავად კი, მღელვარების გამო სპექტაკლის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარი გაუჭირდა. მაყურებელმა ემოციებით სავსემ, ოვაციებით დაჯილდოებული დატოვა მსახიობები და დარბაზი.

მართლაც, წარმოუდგენელია მსგავს თემაზე გულგრილად საუბარი, წერა, მუშაობა... ეს არის თემა, რომელიც თიოთოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და რომელიც კიდევ ერთხელ, ინდივიდუალური აქცენტებით გაუზიარა რეჟისორმა ბაჩო მარკოზაშვილმა ქართულ საზოგადოებას.

"ბამბაზიის სამოთხე" - ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი პირველი მცდელობა არ არის, მაყურებელს დევნილთა პრობლემები და აფხაზეთი შეახსენოს. როგორც ერთერთ ინტერვიუში თავად პიესის ავტორი აღნიშნავდა, სცენაზე გაცოცხლებულმა პიესამ მაყურებელს უნდა უთხრას: ჩვენ მხოლოდ აფხაზეთი კი არა, აფხაზები გვყავს დასაბრუნებელი. ეს უკვე სცადა რამდენიმე რეჟისორმა თეატრში. გადაღებულია, ასევე, ფილმი, თუმცა ბაჩო მარკოზაშვილმა მაყურებელს განსხვავებულად გააზრებული ქართული ტრაგედია შესთავაზა.

სწორედ სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის შენობაში წარუდგინა მაყურებელს სპექტაკლი "ბამბაზიის სამოთხე" რეჟისორმა. სპექტაკლით რუსთავის დამოუკიდებელმა თეატრმა - "რამპამ" 2016 წლის სეზონი გახსნა. სეზონის გახსნის სპონსორი კი თიბისი ბანკია, რომელმაც საკუთარი თანადგომა და მხარდაჭერა სხვადასხვა კულტურული საქმიანობების მიმართ ამჯერად თანამედროვე, ახალგაზრდულ და პერსპექტიულ თეატრთან მეგობრობითა და 2016 წლის სეზონის გახსნის დაფინანსებით გამოხატა.

"ბამბაზიის სამოთხის" მთავარი სათქმელის, სპექტაკლზე მუშაობის დეტალების, ახალგაზრდა, სხვადასხვა პროფესიის მსახიოებებისა და გაწეული თავდაუზოგავი შრომის შესახებ კი თავად რეჟისორისა და მსახიოებებისგან შეიტყობთ.

ბაჩო მარკოზაშვილი (სპექტაკლის რეჟისორი; რუსთავის დამოუკიდებელ თეატრ "რამპას" ხელმძღვანელი): "ვფიქრობ, მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს ეს ყველაერი. ეს ჩვენი ისტორიაა. მითუმეტეს, რომ, აფხაზეთის საკითხი დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა. კიდევ ერთი დეტალი, რამაც ამ სპექტაკლის დადგმა გადამაწყვეტინა, ჩემი ინტუიციაა: რატომღაც ვფიქრობდი, რომ ეს უნდა დამედგა. მაგალითად, შექსპირი მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრში იდგმება დღემდე, მაგრამ, საინტერესო აქ რეჟისურის და მსახიობების ინდივიდუალობაა, ეს რამდენად გამომივიდა, მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ მთავარია, რომ ძალიან ახლობელი გახდა ეს პიესა, რამაც გულისცემა მომიმატა. თითქოს შვილი გახდა ჩემი. ისეთი შეგრძნება მაქვს, ისე მტკივა, ისე მახარებს, ისე მანერვიულებს ხანდახან, როგორც შვილებთან ურთიერთობის დროს ხდება.

პიესის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია მსახიობებიდან მოდის, რა თქმა უნდა, რეჟისორის ჩანაფიქრთან ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ორგანიზმია, ერთი გულია, თითეული სცენის შექმნისას ფიქრობ საინტერესო და გასაგები იყოს მაყურებლისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანსცენა კი არაა, მთავარია მაყურებლამდე რამდენად გასაგებად მივა, რამდენად გადამდები იქნება ის ემოცია, რაც ჩადე. შენ თუ აგიჩქარდა მაჯისცემა, საინტერესოა, მასაც თუ აუჩქარდა. მინდა ისეთი სპექტაკლები მქონდეს, საიდანაც მაყურებელი კითხვას აღარ დასვამს. ეს ემოცია უნდა გაყვეს აუცილებლად დიდხანს, უნდა დააფიქროს, უნდა შეაყვაროს თავი.

ჩვენი თეატრი დამოუკიდებელია და დაფინანსება არ გვაქვს, რომ არა თიბისი ბანკის დახმარება, ჩვენ ვერ გავხსნიდით სეზონს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თიბისი ბანკთან ჩემს ოჯახს უკვე წლებია ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. 4 წლის წინ ბინა გვაჩუქეს. სწორედ ამ გარემოებამ ითამაშა დიდი როლი, რომ დასახმარებლად ისევ მათ მივმართე.

სპექტაკლს და მის მთავარ თემას დავუბრუნდები: ჩატეხილი ხიდი აუცილებლად უნდა გამთელდეს. ადამიანურ ურთიერთობებზე მაღლა არაფერი დგას ამ ქვეყნად. მიწა, რომელიც დაკარგულია, აფხაზებთან ერთად უნდა დავიბრუნოთ. პიესიდან დავესესხები მათხოვრის პერსონაჟს " სისულელეა ყველა ომის ყველა სიკვდილის მიზეზი "...

დარინე ჭედია (ელენეს როლის შემსრულებელი): "აფხაზეთის ომზე მხოლოდ მსმენია. თუმცა მე გამოვიარე აგვისტოს ომი. დავკარგვე ქართველები და საყვარელი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი. მეც მიმატოვეს ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა. მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ ჩემი როლი ორგანულად ვითამაშე, ეს ჩემი პარტნიორების დამსახურებაა: თუ სცენაზე შენს გვერდით გულწრფელი და ძლიერი პარტნიორი არ დგას, ვერც შენ იქნები გულწრფელი.

ნინო ხიჯაკაძე (აფხაზი დედა), ნიკა ავალიშვილი, ლექსო კაციტაძე(ბათუ); თორნიკე ჯანიაშვილი (ლექსო); შოთა მესტვირიშვილი (მათხოვარი); ანი ბასიაშვილი, თიკო ესებუა (ლაურა); ლაშა დანელია (გიორგი); - აი ის ხალხი, ვინც თავი არ დაზოგა და მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგა. ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მსახიობები, შესაბამისად, არც ადვილი ყოფილა გვეთამაშა ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები. ჩემი აზრით, რეჟისორმა გარისკა, როცა თითოეულს ჩვენ-ჩვენი როლი მოგვანდო. მადლობა მას ასეთი ნდობისთვის რომელიც, იმედია, გავამართლეთ".

ნინო ხიჯაკაძე (აფხაზი დედის როლის შემსრულებელი): "პირველად, როცა პიესა წავიკითხეთ, ემოცია ვერცერთმა შევიკავეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მოვსწრებივართ იმ ტრაგიკულ ომს და მხოლოდ ისტორიიდან არის ჩვენთვის ცნობილი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟის გარეშე სრურყოფილი ვერ იქნებოდა სპექტაკლი. ჩემი გმირი "სამოთხეში" დაბრუნების სიმბოლო და მთავარი მიზეზია... მე მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით".

შოთა მესტვირიშვილი (მათხოვრის როლის შემსრულებელი): "სპექტაკლი რომ შედგა, პირველ რიგში, პიესის ავტორის, ნინო სადღობელაშვილისა და დამდგმელი რეჟისორის ბაჩო მარკოზაშვილის დამსახურებაა. როლზე მუშაობა არ იყო მარტივი. სცენაზე არ უნდა მოიტყუო, მართალი და გულწრფელი უნდა იყო, რათა მაყურებელი დაარწმუნო. მთავარია პერსონაჟის ხასიათი იპოვო. ბაჩოსთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა: არ გზღუდავს, როგორც მსახიობს, გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას და გეხმარება როლის დამუშავებაში, გამოძერწვაში.

ჩემი პერსონაჟი აფხაზეთიდან არის. ის მათხოვარია, რომელიც ნიჟარებს და ზღვის კენჭებს ყიდის; კითხულობს მონოლოგებს,რომელშიც დიდი პროტესტი იგრძნობა. მას ომისა და სიკვდილის ეშინია. ენატრება ზღვის სუნი, საკუთარი სახლი, პალმის ძირში ჩაის მირთმევა. იმედს არ კარგავს, რომ მალე ისევ ჩავა აფხაზეთში - დაბრუნდება."

ნიკა ავალიშვილი (ბათუს როლის შემსრულებელი): "როლზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის იმ გამზადებულ მასალასთან შედარებით, რასაც მაყურებელი ხედავს და აღიქვამს. ვეცადე მაქსიმალურად დამაჯერებელი ვყოფილიყავი. საკუთარი თავი უნდა დამერწმუნებინა, რომ მე ნამდვილად მკვდრებით მოვაჭრე ადამიანი ვიყავი...ამისთვის მოვიძიე ბევრი მასალა, რაც დამეხმარა ისეთივე გავმხდარიყავი სცენაზე, როგორიც ჩემი გმირია. "

* * *

დამოუკიდებელ თეატრს, რომელიც ჯერ არსებობის მხოლოდ ორ წელს ითვლის (პირველი პრემიერა 2014 წლის 30 იანვარს სპექტაკლით - "ბახტრიონი", შედგა), რეპერტუარში უკვე 4 სპექტაკლი აქვს. მაყურებლის წინაშე წარსადგენად ემზადება მეხუთე სპექტაკლიც. როგორც თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი ბაჩო მარკოზაშვილი აღნიშნავს, ამჟამად თეატრი რეპეტიციებს იმ დარბაზში ატარებს, რომელიც რუსთავში, ერთერთი კერძო სკოლის (ყოფილი კოლეჯის) შენობაში სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს. სპექტაკლების გასამართად კი, დროებით, რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის სივრცით სარგებლოებენ. დასში 11 მსახიობია. 11 ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა პროფესიას ეუფლება, მაგრამ თეატრში თამაში მათთვის განსაკუთრებული საქმიანობაა. თიბისი ბანკისგან მიღებული დაფინანსება გუნდისთის ერთგვგარი სტიმული და ბრძოლის გაგრძელებისთვის მოტივატორი აღმოჩნდა. ბრძოლის გასაგრძელებლად კი მიზეზი ბევრი აქვთ - უამრავი სამომავლო გეგმა, მოსაძიებელი ფინანსები და სივრცე, სადაც საკუთარ დადგმებს სტაბილურად წარუდგენენ თეატრის მოყვარულ საზოგადოებას.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება