"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე

"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე

26 სექტემბერს, "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრმა, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს რომ ისინი მოძრაობას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაცია დაასახელეს, რაშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს.

გუშინვე, "თავისუფალი ზონის" ყოფილი წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაიკითხნენ.

თავის მხრივ, ორგანიზაციაში დარჩენილი წევრების ინფორმაციით, იმ პირებზე, რომლებმაც ორგანიზაცია "ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს", ზეწოლა განხორციელდა. "ზონელი"დავით გოგოხიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი" აგონიაშია და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას.

ორგანიზაციაში არსებულ დაპირისპირებასა და ყოფილი წევრების გადაწყვეტილებაზე "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრს, გიორგი ჭინჭაუარულს ვესაუბრეთ:

- ბრიფინგზე, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა გავმართეთ ავხსენით ის უმთავრესი მიზეზი რის გამოც დავტოვეთ "თავისუფალი ზონის" რიგები. ეს მიზეზია, ის რომ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს არჩევენების მერე დესტაბილიზაციის მოწყობას. მას შემდეგ რაც ეს ამბავი გაიგეს ჩემმა მეგობრებმა ბესო კალაძემ და ირაკლი ქომეთიანმა, რომლებმაც ეს ყველაფერი კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მერე შეიტყვეს (მოგვიანებით გავიგე მეც), ჩვენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დაგვეტოვებინა "თავისუფალი ზონა" და "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ გვსურს ქართველების ერთმანეთთან დაპირსპირება და გვინდა რომ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევენბი.

კობა ხაბაზს, რომელიც არის "თავისუფალი ზონის"ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს რომ ქუჩაში აეგოთ ბარიკადები, მოეხდინათ სამთავრობო შენობების ბლოკირება და სხვ. ეს დავალებები მიცემული იქნება 2016 აგვისტოს ბოლოდან დღემდე. მანამდე "თავისუფალი ზონის" დავალებები იყო, რომ როცა პარტია ატარებდა რაიმე შეხვედრას, ვყოფილიყავით იქ და მოხდარიყო ხალხის მობილიზება.

- თქვენმა უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა, მაგ. ირმა ნადირაშვილმა განაცხადა რომ თქვენ ამ გადაწყვეტილების მიღება გაიძულათ სუს-მა, ზოგმა ისიც თქვა რომ თავიდანვე "ჩანერგილები" იყავით...

- მე და ბესო კალაძე 2010 წლიდან ვართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მეტსაც გეტყვით ბესო არის პარტიის პროპორციულ სიაში და ანუ სუს-ის წევრები ყავთ სიაში?! ეს არის ძალიან დიდი სისულელე. პირადად მე და ჩემი მეგობრები არ განვიცდით არანაირ ზეწოლას სუს-ისგან. კობა ხაბაზის "ხელის ბიჭებს" და პარტიის პოლიტიკურ გვამებს, რომლებსაც ხმა არ ამოეღებათ, ჰგონიათ თითქოს ჩვენზე ზეწოლა მოხდა, მინდა ვუთხრა რომ არც არავინ დაგვკავშირებია, მხოლოდ ჩვენი ნებით გადავდგით ეს ნაბიჯი.

- პოლიტიკურ გვამებში ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც მართლაც პოლიტიკური გვამია, რომელმაც მართლმადიდებლობა და ქართველობა შეურაცხყო და საერთოდ როგორ იღებს ხმას?!

- ვიდრე "თავისუფალი ზონა" არ დატოვეთ, მანამდე რატომ არ ამბობდით ამ ყველაფერს?

- 2012 წელს როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგო, მე და ჩემს მეგობრებს გვჯეროდა რომ პარტია განახლდებოდა და ის სახეები (გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და სხვ.), რომლებმაც ხალხს თვალებში "მაზოლები ამოუყვანეს", ვფიქრობდით რომ პარტიიდან წავიდოდნენ და პარტია შეივსებოდა ახალი სახეებით, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წევრებით და შემდეგ, სუფთა ხელებით და სუფთა გულით შევუდგებოდით ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საკუთარი ბიზნესების და ჯიბეების გულისთვის ისევ დარჩნენ თანამდებობაზე. ახლა იციან რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ოღონდ მათ ბიზნესს საფრთხე არ დაემუქროს, ყველაფრისთვის მზად არიან. ალბათ ამანაც განაპირობა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მივიღეთ.

- ამისთვის 4 წელი დაგჭირდათ?

- 4 წელი არ დაგვჭირვებია, უბრალოდ ძალიან ბევრს ვფიქრობდით ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუმცა სააკაშვილის დავალება რომ დესტაბილიზაცია მოგვეწყო, აღმოჩნდა ბოლო წვეთი. ამდენი ხანი კიდევ გვეგონა რომ პარტია განახლდებოდა, ეს არ მოხდა.

- საიდან ფინანსდებოდა თქვენი მოძრაობა?

- მაგას ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ინფორმაცია რომ ის ფული რაც "თავისუფალი ზონისთვის" იყო გამოყოფილი ზონის წევრებს არ ხმარდებოდა. სად მიდიოდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."