მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
როგორც "ამბები.გე"-ს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
მაცოცხლებელი ჯვარი უფლისა გვახსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებას ჩვენი გადარჩენისთვის. ჯვართამაღლების დღეს ეკლესია იხსენებს გოლოგთას, სადღესასწაულო მსახურებაზე კი სახარება მოგვითხრობს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და მის ჯვარცმას. ეკლესია ამ დღეს ჩვენც მოგვიწოდებს სინანულისა და გოლგოთაზე უფალთან დგომისაკენ.
იმისათვის, რომ ტრაპეზზე დაბრძანებული ჯვრის სიდიადე შევიგრძნოთ, მას მარხვითა და ლოცვით განწმენდილნი უნდა მივეახლოთ. სწორედ ამიტომ ეკლესიამ ერისკაცთათვის ერთდღიანი მარხვა დააწესა 27 სექტემბერს. სამონასტრო ტიპიკონით კი ორდღიანი მარხვაა დაწესებული - 26 და 27 სექტემბერს.
ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო მხოლოდ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქმნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.