"თავისუფალი ზონის" ყოფილი წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურში აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების გამოკითხვა დასრულდა.
დღეს, "თავისუფალი ზონის" წევრებმა: ბესო კალაძემ, მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.
"აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.