KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?

KGB-ს "გადატვირთვა" - რისთვის სჭირდება მოსკოვს ახალი უშიშროების სამინისტრო?

2016 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში რუსული საინფორმაციო საშუალებები ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურების მასშტაბური რეფორმირებისა და ახალი სახელმწიფო უწყების - უშიშროების სამინისტროს შექმნის შესახებ ალაპარაკდნენ.

უშიშროების სამსახურებსა და ქვეყნის შიდა თუ გარე ტოტალურ კონტროლს საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა. არსებობის განმავლობაში უშიშროების ორგანომ არაერთი სახელი და დაქვემდებარებული უწყება გამოიცვალა. 1920-იანი წლების ბოლოს გატარებული რეფორმების საფუძველზე, მთავარი პოლიტიკური სამმართველო (ГПУ) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან (НКВД) (მომავალი შინაგან საქმეთა სამინისტრო) გამოყვეს და სახელმწიფოს გაერთიანებულ პოლიტიკურ სამმართველოს დაუქვემდებარეს. 1934 წელს მორიგი ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს სახელით მოვლენილი ახალი უწყება ისევ "ენ-კა-ვე-დეს" დაუქვემდებარეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ტრანსფორმაციის კიდევ რამდენიმე ეტაპი გაიარა.

1946 წელს ის სრულიად დამოუკიდებელ ორგანოდ - სახელმწიფო უშიშროების სამსახურად ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი რეფორმა 1954 წელს ყოვლისშემძლე "კა-გე-ბეს" - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შექმნით დასრულდა.

ახალი უწყება შვეიცარული საათივით მუშაობდა. მართალია, ზოგჯერ იყო პრობლემებიც - ხან დასავლეთის სპეცსამსახურები საბჭოთა აგენტებს დაიჭერდნენ, ხანაც საკუთარი აგენტები კაპიტალისტების მხარეს გადადიოდნენ. თუმცა ძირითადად შეუზღუდავი რესურსების მქონე "კა-გე-ბე" მსოფლიოს 1/6-ს, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებდა.

1991 წელს წითელი იმპერიის არსებობას წერტილი დაესვა. ძლევამოსილი "კა-გე-ბეც" დაიშალა და მის ნანგრევებზე რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურა აღმოცენდა - უშიშროების ფედერალური სამსახური "ეფ-ეს-ბე", ფედერალური სასაზღვრო და საგარეო დაზვერვის სამსახურები.

უწყებების წინაშე დასმული ამოცანები უცვლელი დარჩა. თუმცა, თუ საბჭოთა დროს ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან დაცვა მხოლოდ "კა-გე-ბეს" პრეროგატივა იყო, ამიერიდან სამმა ახალმა უწყებამ ეს ამოცანები ერთმანეთში გადაინაწილა.

ხმები, უშიშროების სამსახურებისა და ორგანოების რადიკალური რეფორმირების თაობაზე, მოსკოვში უკვე დიდი ხანია ვრცელდება. აქტიური ცვლილებები ხელისუფლებაში პუტინისა და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ შეიმჩნევა, გუნდის, რომელიც უმეტესად საბჭოთა უშიშროების სამსახურების ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული.

რუსი სპეციალისტების აზრით, სახელმწიფო უშიშროების ორგანოს უკეთ ფუნქციონირებისთვის, საბჭოთა მოდელი ყველაზე იდეალური ვერსიაა. როდესაც ყველა დაქვემდებარებული უწყება და ყველა ამოცანა ცენტრალიზებულად, ერთი ორგანოს მიერ კონტროლდება და სრულდება.

ისტორია მეორდება. რის განხორციელებასაც კრემლი ახლა ცდილობს, საბჭოთა ძალოვანმა უწყებებმა 70-80 წლის წინ გამოიარეს. მრავალი რეფორმა, უწყებებისთვის სტატუსების, სახელწოდებებისა და ფუნქციების შეცვლა, ერთი ორგანოდან გამოყვანა და მეორესთვის დაქვემდებარება - ყოველივე ეს დიდი ხნის წინ უკვე განხორციელდა და საბოლოოდ "კა-გე-ბეს" შექმნით დაგვირგვინდა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სწორედ ასეთ ფინალს უნდა ველოდოთ. თავად რუსების განმარტებით, გაუმჯობესებულ ფუნქციონირებასთან ერთად, უშიშროების სამინისტროს შექმნა და მისთვის ყველა ქვეუწყების დაქვემდებარება ქვეყანას ფინანსების დაზოგვის საშუალებასაც მისცემს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა