ამიერიდან ყველა ავტობუსის ყველა მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში განაცხადა.
მსმენელმა მუმლაძეს შეახსენა ავსტოსაგზაო შემთხვევები, რომელიც ბოლო დროს თბილისში მოხდა, ერთ შემთხვევაში ავტობუსი სასტუმროს შეეჯახა, ხოლო მეორე შემთხვევაში მძღოლს ინფარქტი მოუვიდა.
"დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში. ჩვენ იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ და ყველა მგზავრს მივხედეთ. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. არსებობს რეგლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავსტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურეობისთვის, იბლოკება, ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის. სასტუმროზე შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი გამართული იყო", - განაცხადა მუმლაძემ.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მუმლაძის თქმით, მძღოლს დაემართა ინფარქტი. მისივე განმარტებით, მძღოლმა უნდა წარადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
"მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი და დამტკიცდა, რომ ამიერიდან მძღოლებს ექიმები შეამოწმებენ. სამი ბაზა გვაქვს სულ და სამივეში გვეყოლება ექიმი, რომლებიც რეისში გასვლამდე ყველა მძღოლს შეამოწმებენ", - აღნიშნა მუმლაძემ.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების მიერ განხორციელებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, მუმლაძემ აღნიშნა, რომ მიკროავტობუსები სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებიან. მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების კონტროლი დაიწყოს.