ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. გია შარვაშიძე აკადემიურის საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.
როგორც გია შარვაშიძემ აღნიშნა, აპირებს დაიწყოს საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარუდგინა საბჭოს წევრებს.
"ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა კონცეფციის მიხედვით, რომელიც აკადემიურ საბჭოზე წარვადგინე. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ქმედებები, რომელიც მეცნიერების განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას შეეხება. ვაპირებ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი ავამაღლო", - განაცხადა გია შარვაშიძემ.
ამასთანავე, ახალარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს ნდობისთვის.