მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ "რუსთავი2"-ის გადაცემა "კურიერში" პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკელთა" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო სრულიად განსახვავებული ხედვების, როცა ის მიხეილ სააკაშვილს ოპონირებდა.
"ჩვენ დავიწყეთ სრულიად სხვა სახელმწიფოს მშენებლობა, როცა ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რეფორმას ვატარებდით, მაგრამ ბოლო მომენტში და, მე არ ვიცი რა მიზეზებიდან და წანამძღვრებიდან გამომდინარე, დავინახე იგივე, რაც 2004 წლის გაზაფხულზე: - აღარ გვინდა პარტიები, გააუქმეთ პარტიები და ინდივიდუალად შემოდით; პარლამენტში საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი ძალის ხელში და არ გვჭირდება სხვა არანაირი ძალა და პოლიტიკური ხედვა; ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები, ვიდრე არის დემოკრატიული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი. ეროვნული ლიდერობიდან მიხეილ სააკაშვილიც და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი ერთი კონკრეტული ძალის ლიდერობამდე ჩამოლაბორანტდნენ. აი, ამ ნაწილში არის მსგავსება და მინდა, 8 ოქტომბრის შემდეგ გაცილებით განსხვავებული ქვეყანა ვიხილო, სადაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას პარლამენტში თავისი ადგილი ექნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ქვეყანას ელის სერიოზული საფრთხე თუკი მომავალ პარლამენტში ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდება ოპოზიციური ფლანგის ექსკლუზივში, ხოლო "ქართული ოცნება" 2/3-იან და მეტ უმრავლესობაში. "პარლამენტში ერთ-ერთზე დატოვებული "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული ხიფათია ქვეყნისთვის", - ამბობს უსუფაშვილი.