ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში, 12-სართულიანი კორპუსების წინ არსებული შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მამა-შვილმა ელექტროტრავმა მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრი პაქსაძემ განუცხადა, 3 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა, მამა კი მის გადასარჩენად ჩავიდა, რა დროსაც ორივემ ელექტროტრავმა მიიღო.
მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადას მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა, ბავშვი კი შედარებით უკეთაა.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დახვდა შემდეგი სურათი: ბენზეში, 12 სართულიანი კორპუსების წინ არსებულ შადრევნის აუზში ჩავარდა სამი წლის ბავშვი, მის გადასარჩენად გადახტა მამაც, მაგრამ ორივეს დენმა დაარტყა. ისინი დროულად ამოიყვანეს აუზიდან, თუმცა 35 წლის მამაკაცი მძიმედ, უგონო მდგომარეობაში იყო, რომელიც გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული", - აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.
შემთხვევა დღეს, 11:00 საათის შემდეგ მოხდა.