"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს ე.წ. 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან კითხვები აქვს. შესაბამის პოსტს ხიდაშელი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
"მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით
1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით.
2. იმათ თუ კითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისათვის სახელის დარქმევის?
5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია", - წერს ხიდაშელი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად ცნო.
ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.