როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
"მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატრას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით", - განუცხადა გია ლორთქიფანიძემ "პირველ რადიოს".
პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.